1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! მიეცი გამოცანა და შეუთხზე იგავი ისრაელის სახლს:
3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: დიდი არწივი, დიდფრთიანი და გრძელნაკრტენიანი, ჭრელი ბუმბულით დაფარული, მოვიდა ლიბანიდან და კენწერო მოაწყვიტა ნაძვს;
4. მოსტეხა ზემოთა ყლორტი, წაიღო ქანაანის ქვეყნად და მოვაჭრეთა ქალაქში დადო.
5. აიღო იმ ქვეყნის თესლი და ჩათესა ნაყოფიერ ყანაში; უხვ წყლებთან დადო და დარგო ტირიფივით.
6. აღმოცენდა და შეიქნა რტოგაშლილი და ტანდაბალი ვაზი, რომლის ტოტები არწივისკენ იხრებოდა და ფესვები მისი მის ქვეშ იყო. შეიქნა ვაზი, რქა გამოიღო და გაუშვა ტოტები.
7. იყო კიდევ ერთი დიდი არწივი, დიდფრთიანი და უხვბუმბულიანი; და, აჰა, ეს ვაზი თავისი კვალიდან, სადაც დარგული იყო, ფესვებს იწვდიდა მისკენ და უშვერდა ტოტებს დასარწყულებლად.
8. მადლიან ველზე, უხვ წყლებთან იყო დარგული, რომ გაეკეთებინა რტო და გამოეღო ნაყოფი, დიდებული ვაზი გამხდარიყო.
9. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: იღორძინებს თუ არა? არ ამოძირკვავენ მის ფესვებს და არ მოგლეჯენ მის ნაყოფს? გაუხმება ყველა ამოყრილი ყლორტი, გახმება; მაგარი მკლავი და ბევრი ხალხი არ იქნება საჭირო, რომ თავის ფესვს მოსწყვიტონ.
10. აჰა, დარგულია, მაგრამ თუ იღორძინებს? განა არ გახმება, როცა აღმოსავლეთის ქარი ეძგერება? იმ კვალშივე გახმება, სადაც აღმოცენდა.
11. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
12. უთხარი ურჩ სახლს: ნუთუ ვერ ხვდები, რას მოასწავებს ესენი? უთხარი: აჰა, მოვიდა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, წაიყვანა მისი მეფე და მთავრები და მიიყვანა ისინი თავისთან ბაბილონში.
13. აიყვანა სამეფო მოდგმიდან სხვა ვინმე და აღთქმა დაუდო; ფიცში შეიყვანა და წაასხა ძლიერნი ქვეყნისა;
14. რომ დამდაბლებულიყო სამეფო და არ გაამაყებულიყო, რომ დაეცვა მისი აღთქმა და გადარჩენილიყო.
15. ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მოეცათ მისთვის; განა იღორძინებს და გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
16. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ თავისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც შეიძულა ფიცი და აღთქმა დაარღვია!
17. ვერაფერს უშველის ბრძოლაში ფარაონი დიდძალი ლაშქრითა და ურიცხვი ხალხით, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდლები მრავალი სულის გასაწყვეტად.
18. შეიძულა ფიცი აღთქმის დასარღვევად და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს ჩაიდინა, ამიტომაც არ გადარჩება.
19. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვფიცავ, თუ მის თავზე არ მოვაქციე ჩემი ფიცი, რომელიც შეიძულა, და ჩემი აღთქმა, რომელიც დაარღვია!
20. მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.
21. მახვილით დაეცემა, ვინც კი გაიქცევა მისი რაზმიდან; დარჩენილები კი ყველა ქარის მიმართ გაიფანტებიან. მაშინ მიხვდებით, რომ მე, უფალი, ვლაპარაკობდი.
22. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავიღებ ტოტს მაღალი ნაძვიდან და დავრგავ; ზემოთა ყლორტებიდან მოვწყვეტ ყველაზე ნაზს და მაღალ და ასვეტილ მთაზე დავრგავ.
23. ისრაელის მაღალ მთაზე დავრგავ მას, აუშვებს ტოტებს და ნაყოფს გამოიღებს; გახდება დიდებული ნაძვი, დასახლდება მის ქვეშ ყოველგვარი ფრინველი და მისი რტოების ჩრდილში ყოველი ფრთოსანი დაიბუდებს.
24. მიხვდებიან მინდვრის ხეები, რომ მე, უფალი, ვამდაბლებ აღზევებულ ხეს და აღვაზევებ დამდაბლებულ ხეს; ვახმობ ნედლს ხეს და ვაყვავებ გამხმარ ხეს. მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.