1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?
3. ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში!
4. აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს.
5. თუ კაცი მართალია და სამართლიანად და სიმართლით იქცევა,
6. არ ჭამს მთებზე შეწირულს და ისრაელის კერპებს თვალს არ აპყრობს, მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს და თავის მირეულ ცოლს არ ეკარება;
7. არავის ჩაგრავს, მევალეს ვალს უბრუნებს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს;
8. სარგებელში არ გასცემს და ვახშს არ იღებს, ხელს არიდებს უკეთურებას და მართალ სამართალს აჩენს კაცსა და კაცს შორის,
9. ჩემი წესებით იქცევა, ჩემს სამართალს იცავს და მტკიცედ ასრულებს, ის არის მართალი კაცი და ჭეშმარიტად იცოცხლებს, ამბობს უფალი ღმერთი.
10. რომ ეყოლოს მოძალადე შვილი, სისხლისმღვრელი, ან მსგავსი რამის ჩამდენი,
11. არა საქმეში არ ბაძავდეს თავის მამას: ჭამდეს მთებზე შეწირულს, უპატიოჰყოფდეს თავისი მოყვასის ცოლს,
12. ჩაგრავდეს ღარიბ-ღატაკს, მტაცებლობდეს, ვალს არ აბრუნებდეს, კერპებს თვალს აპყრობდეს, სისაძაგლეს სჩადიოდეს,
13. სარგებელში გასცემდეს და ვახშს იღებდეს და ცოცხლობდეს? არ უნდა ცოცხლობდეს! ყველა ამ სისაძაგლის ჩამდენი სიკვდილით უნდა მოკვდეს; მის თავზე უნდა იყოს მისი სისხლი.
14. აჰა, ეყოლა შვილი, რომელიც ხედავს მამის ყველა ცოდვას, რაც ჩაუდენია, ხედავს და ასე არ იქცევა.
15. არ ჭამს მთებზე შეწირულს, ისრაელის სახლის კერპებს თვალს არ აპყრობს, თავისი მოყვასის ცოლს არ უპატიოჰყოფს,
16. არავის ჩაგრავს, გირაოს არ იხუთავს, არ მტაცებლობს, მშიერს თავის პურს უყოფს და შიშველს სამოსელით მოსავს,
17. ხელს არიდებს უკეთურებას, ვახშსა და სარგებელს არ იღებს, ჩემს სამართალს ასრულებს, ჩემი წესებით იქცევა, ეს არ მოკვდება თავისი მამის დანაშაულის გამო, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
18. მამა თუ მძლავრობს, ძარცვავს მოძმეს და უკეთურს სჩადის თავის ხალხში, და აჰა, მოკვდება თავის დანაშაულში,
19. თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს!
20. ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.
21. თუ ბოროტეული განუდგება ყველა თავის ცოდვას, რაც ჩაუდენია, დაიცავს ყველა ჩემს წესს და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება;
22. არცერთი შეცოდება, რაც ჩაუდენია, არ გაუხსენდება; თავისი სიმართლით, როგორც იქცეოდა, იცოცხლებს.
23. განა მსურს ბოროტეულის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, არამედ რომ მოიქცეს თავისი გზებიდან და იცოცხლოს.
24. თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
25. თქვენ იტყვით: არ არის სწორიო გზა უფლისა. ისმინე, ისრაელის სახლო! ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!
26. თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და უკეთურებას ჩაიდენს, ამის გამო მოკვდება; იმ უკეთურების გამო კვდება, რასაც სჩადის.
27. თუ ბოროტეული განუდგება თავის ბოროტებას, რაც ჩაუდენია, და სამართლიანად და სიმართლით მოიქცევა, თავად გაიცოცხლებს სულს.
28. თუ შეიგნებს და შეინანებს თავის ყველა შეცოდებას, რაც ჩაუდენია, ჭეშმარიტად იცოცხლებს, არ მოკვდება.
29. ამბობს ისრაელის სახლი: არ არის სწორიო გზა უფლისა. ჩემი გზა არ არის სწორი, ისრაელის სახლო? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის!
30. ამიტომ ყველას თავისი გზისაებრ განგსჯით, ისრაელის სახლო, ამბობს უფალი ღმერთი. შეინანეთ და მოიქეცით ყველა თქვენი შეცოდებისგან და აღარ გექცევათ დაბრკოლებად უკეთურება.
31. მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რისთვის უნდა ამოწყდეთ, ისრაელის სახლო?
32. რადგან არ მახარებს მე მოსაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა, მოიქეცით და იცოცხლეთ.