1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;
3. გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები.
4. მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
5. გაბოზდა აჰოლა ჩემს ხელში და გადაეკიდა თავის საყვარლებს, აშურელ მეზობლებს,
6. ძოწეულით შემოსილთ, სარდლებს და მეფისნაცვლებს; ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი, ცხენოსნები, ცხენებზე ამხედრებულნი.
7. გადაყვა მათთან ბოზობას - ყველანი რჩეული აშურელები იყვნენ - და ყველაფრით, ყველა მათი კერპით, რომელთაც გადაეკიდა, გაიუწმიდურა თავი.
8. არ მიუტოვებია ბოზობა ეგვიპტესთან, რადგან მასთან წვებოდნენ თავის სიყმაწვილეში; მათ დაუჭყლიტეს ქალწულური ძუძუები და გადმოღვარეს მასზე თავიანთი გარყვნილება.
9. ამიტომაც ჩავაგდე იგი თავისი საყვარლების ხელში, აშურელთა ხელში, რომელთაც აეკიდა.
10. მათ გამოუჩინეს სიშიშვლე, წაასხეს მისი ვაჟები და ასულები, თავად კი მახვილით მოკლეს. სახელი გაუვარდა ქალთა შორის, როცა სასჯელი დააკისრეს მას.
11. ხედავდა ამას მისი და აჰოლიბა, მაგრამ მასზე უფრო გაირყვნა თავი და თავისი დის ბოზობას გადააჭარბა.
12. აშურელებს გადაეკიდა, სარდლებს და მეფისნაცვლებს, მეზობლებს, დიდებულად შემოსილთ, ცხენოსნებს, ცხენებზე ამხედრებულთ - ნანატრი ჭაბუკები იყვნენ ყველანი.
13. დავინახე, რომ გაუწმიდურდა, რომ ორთავეს ერთი გზა ჰქონდათ;
14. უმატა თავის ბოზობას: დაინახა კედელზე დახატული კაცები, ქალდეველთა გამოსახულებანი, ფერებით დახატული,
15. წელზე ქამარშემორტყმულნი, თავზე მოფრიალე ჩალმებით, სარდალთა შესახედაობისანი, ბაბილონის ძეთა მსგავსნი, ქალდეველთა ქვეყნისა, მათი სამშობლოსი;
16. ვნებით აინთო მათ მიმართ ერთი თვალის მოკვრით და მოციქულები გაუგზავნა ქალდეაში.
17. მოვიდნენ მასთან ბაბილონელები სასიყვარულო სარეცლისთვის და გააუწმიდურეს ის თავიანთი გარყვნილებით; გაირყვნა მათგან და გული აიყარა მათზე.
18. როცა ახდილად დაიწყო ბოზობა და აიხადა თავისი სიშიშვლე, მეც ავიყარე მასზე გული, როგორც მის დაზე მქონდა გული აყრილი.
19. გაახშირა თავისი ბოზობა თავისი სიყმაწვილის გახსენებისას, როცა ეგვიპტის ქვეყანაში ბოზობდა.
20. მათ ხარჭებზე უფრო ავხორცი გახდა, რომელთა სხეული ვირების სხეულია და ულაყებივით არიან ატეხილნი.
21. ასე გაიხსენე შენი სიყმაწვილის დროინდელი უზნეობა, როცა ეგვიპგელნი ძუძუებს გიჭყლეტდნენ, რადგან ნორჩი მკერდი გქონდა.
22. ამიტომაც, აჰოლიბა, ასე ამბობს უფალი ღმერთი, აჰა, აღვძრავ შენზე შენს საყვარლებს, რომლებზეც გული გაქვს აყრილი, და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან;
23. ბაბილონელებს, ყველა ქალდეველს, ფეკოდს და შოაყს და კოაყს, ყველა აშურელს მათთან ერთად, ნანატრ ჭაბუკებს, ყველა სარდალს და მეფისნაცავლს, მხედართმთავრებს და წოდებულ ხალხს, ყველა ცხენოსანს.
24. შეგესევიან შუბოსნები, მხედრები, ეტლები უამრავი ხალხით; გარს შემოგადგებიან თოროსანნი ფარ-მუზარადით; სამსჯავროდ მიგცემ მათ წინაშე და თავიანთი სამართლით განგსჯიან.
25. მოვაქცევ თქვენზე ჩემ გულისწყრომას და სასტიკად მოგექცევიან ისინი: ცხვირსა და ყურებს მოგაჭრიან, დანარჩენები კი მახვილით დაეცემიან; წაასხამენ შენს ვაჟებს და ასულებს, დანარჩენებს კი ცეცხლი შთანთქავთ.
26. შემოგძარცვავენ შესამოსელს და სამკაულებს აგართმევენ.
27. ბოლოს მოვუღებ შენს გარყვნილებას და ეგვიპტის ქვეყნიდან მოყოლილ ბოზობას; აღარ გაიხედავ მათკენ და ეგვიპტელებს აღარ გაიხსენებ.
28. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მიგცემ მათ ხელში, ვინც შეიძულე, მათ ხელში, ვისზეც გული აიყარე.
29. სიძულვილით მოგეცქევიან და წაგართმევენ მთელს შენს მონაგარს; შიშველ-ტიტველს დაგტოვებენ და გამოჩნდება შენი უხამსობის სირცხვილი, შენი გარყვნილება და შენი ბოზობა.
30. ეს დაგემართება შენი ბოზობის გამო ხალხების წამხედურობით, თავს რომ იუწმიდურებდი მათი კერპებით.
31. შენი დის გზით დადიოდი და მის თასს მოგცემ ხელში.
32. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შესვამ შენი დის თასს, ღრმასა და ფართეს და სასაცილო და სამასხრო გახდები; ბევრს იტევს იგი.
33. სიმთვრალით და ნაღველით აივსები; სასოწარკვეთის და განადგურების თასია შენი დის, სამარიის თასი.
34. შესვამ მას და ბოლომდე გამოწრუპავ, კიდეებს მოულოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
35. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი დამივიწყე და ზურგს უკან მომისროლე, იტვირთე კიდეც შენი გარყვნილების და ბოზობის სასჯელი.
36. მითხრა უფალმა: ადამის ძევ! მსჯავრს დასდებ აჰოლას და აჰოლიბას? ჯერ გამოუცხადე მათი სისაძაგლენი,
37. რადგან მრუშობდნენ და სისხლი ჰქონდათ ხელებზე; თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და შვილებსაც, მე რომ მიშვეს, ცეცხლში ატარებდნენ შესაჭმელად.
38. კიდევ ეს გამიკეთეს: გააუწმიდურეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შელახეს.
39. დაუკლეს თავიანთი შვილები მათ კერპებს და იმ დღესვე მოვიდნენ ჩემს საწმიდარში მის შესალახავად. აჰა, როგორ მოიქცნენ ჩემს სახლში.
40. შორიდან მომსვლელ ხალხსაც კი იბარებდნენ; როცა მოციქული იგზავნებოდა მათთან; აჰა, მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც იბანებოდი, თვალებს იღებავდი და სამკულებით იმკობოდი;
41. დიდებულ საწოლზე ჯდებოდი, რომლის წინ გარიგებული ტაბლა იყო და ზედ ჩემს საკმეველს და ზეთს აწყობდი.
42. უდარდელი ბრბოს ხმა გაისმოდა იქ და ამ უამრავ ხალხთან მოჰყავდათ უდაბნოდან საბეელები, რომლებიც სამაჯურებს უკეთებდნენ ხელებზე მათ და თავზე ლამაზ გვირგვინებს ახურავდნენ.
43. ვთქვი ბოზობაში დაბერებულზე: ახლაც ბოზობენ-მეთქი მასთან? ახლაც?
44. და მივიდნენ მასთან, როგორც მეძავ ქალთან მიდიან; ასე მივიდნენ აჰოლასთან და აჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან.
45. მაგრამ მართალი ხალხი განსჯის მათ გარყვნილთა მსჯავრით და სისხლისმღვრელთა მსჯავრით, რადგან გარყვნილნი არიან და სისხლია მათ ხელებზე.
46. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბრბო მიუსიე მათ და მიეცი დასაფრთხობად და გასაძარცვად.
47. ქვით ჩაქოლოს ისინი ბრბომ და აკუწოს თავისი მახვილებით, ამოხოცოს მათი ვაჟები და ასულები და მათი სახლები ცეცხლში გადაბუგოს.
48. ბოლოს მოვუღებ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე, გაფრთხილდება ყოველი ქალი და აღარ წაგბაძავენ გარყვნილებაში.
49. თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.