1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! ყამონიანებისკენ მიაქციე პირი და უწინასწარმეტყველე,
3. უთხარი ყამონიანელო, ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ვაგლახს ამბობს ჩემს საწმიდარზე, რადგან შელახულია, და ისრაელის მიწაზე, რადგან გაუკაცრიელებულია, და იუდას სახლზე, რადგან ტყვეობაში წავიდა,
4. ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენს შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენს შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.
5. გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
6. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,
7. ამიტომ, აჰა, ხელს მოგიღერებ და საძარცვავად მიგცემ ხალხებს; ამოგძირკვავ ხალხებიდან და გადაგაშენებ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ უფალი ვარ.
8. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მოაბი და სეყირი ამბობენ: აჰა, ყველა ხალხივით არისო იუდას სახლი,
9. ამიტომ, აჰა, გავხსნი მოაბის გვერდებს - ქალაქებს, მის სასაზღვრო ქალაქებს, ქვეყნის მშვენებას, ბეთიეშიმოთს, ბაყალ-მაყონს და კირიათაიმს,
10. აღმოსავლელთა შესასვლელად ყამონიანთა წინააღმდეგ და მივცემ მათ ქვეყანას სამკვიდროდ, რომ აღარ იხსენებოდნენ ყამონიანელნი ხალხებს შორის.
11. მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
12. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ დააშავა, შური რომ იძია,
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელს მოვუღერებ ედომს და გავუწყვეტ კაცსა და პირუტყვს, და უდაბნოდ ვაქცევ: თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან.
14. აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვისა და გულისწყრომისაებრ; მაშინ მიხვდებიან ჩემს შურისგებას, ამბობს უფალი ღმერთი.
15. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.
16. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელს მოვუღერებ ფილისტიმელებს, ამოვძირკვავ კრეტელებს და მოვსპოვ მათ ნატამალს ზღვის ნაპირზე.
17. აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, როცა მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება.