1. მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემსკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
3. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენს წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს;
4. ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
5. სათხევლის მოსასროლად იქნება შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი, ხალხთა სათარეშოდ შეიქნება.
6. მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
7. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მივაყენებ ტვიროსს, ჩრდილოეთიდან, მეფეთ მეფეს, ცხენებით, ეტლებით, მხედრებით, ბრბოთი და უამრავი ხალხით;
8. მახვილით ამოხოცავს შენს ასულებს ხმელეთზე, კოშკებს აღმართავს შენს წინააღმდეგ, მიწაყრილებს შემოგავლებს და ფარებს აღმართავს შენს წინააღმდეგ.
9. ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
10. მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
11. თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
12. მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან.
13. დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. -
14. ცარიელ კლდედ გადაგაქცევ, სათხევლის მოსასროლად შეიქნები და აღარასოდეს აშენდები, რადგან მე, უფალმა, ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი.
15. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში!
16. ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ხელმწიფენი, გადაიძრობენ მოსასხამებს და ნაქარგ შესამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან და მიწაზე დასხდებიან; ყოველწამს შიშში იქნებიან და ძრწოლა ექნებათ შენს გამო.
17. გლოვას გამართავენ შენზე და გეტყვიან: როგორ დაიღუპე, ზღვაოსნებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, ზღვაზე რომ მძლავრობდი. დაიღუპა ისიც და მისი მკვიდრნიც, შიშის ზარს რომ სცემდნენ ყველას.
18. ახლა შეშინდებიან კუნძულები შენი დაცემის დღეს და შეძრწუნდებიან ზღვისპირელნი შენი გამოსვლისას.
19. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა უკაცრიელ ქალაქად გაქცევ იმ ქალაქებივით, სადაც არასოდეს უცხოვრიათ, როცა დაგაღირებ უფსკრულს და დაგფარავენ დიდი წყლები,
20. ჩაგიყვან საფლავად ჩამავლებთან ერთად წინანდელი ხალხის წინაშე, და დაგსვამ მიწის ქვეშეთში, მარადიულ უდაბნოში, საფლავად ჩასულებთან ერთად, რომ აღარ დაბრუნდე, ცოცხალთა ქვეყნად კი დიდებას დავამყარებ.
21. არარაობად გაქცევ და აღარ იარსებებ; დამიწყებ ძებნას და საუკუნოდ ვეღარ მომნახავ, ამბობს უფალი ღმერთი.