1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა
3. და უთხარი ტვიროსს, ზღვის შესასვლელთან დასახლებულს, ხალხებით მოვაჭრეს ზღვისპირელებთან, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ტვიროსო, შენ ამბობ, სრულყოფილი მშვენების ვარო.
4. ზღვის გულშია შენი საზღვრები, მშენებლებმა სრულყვეს შენი მშვენება;
5. კვიპაროსის ხისგან დაგიმზადეს ფიცრები, ლიბანიდან კედარი მოგიტანეს, რომ ანძა გაეკეთებინათ შენთვის;
6. ბაშანის მუხის ნიჩბები გაგიკეთეს; მერხები სპილოს ძვლისგან და ქითელთა კუნძულების ბზისგან გაგიკეთეს;
7. ეგვიპტური მოქარგული ზეზის იყო შენი აფრები, რომ დროშად გქონოდა; შენი გადასახურავი ელიშას კუნძულთა ლურჯი და მეწამული ქსოვილისგან იყო;
8. ნიჩბოსნებად ციდონის და არვადის მკვიდრნი გყავდა; ბრძენი ხალხი იყო შენში, ტვიროსო, მესაჭეებად გყავდა ისინი;
9. გებალის უხუცესები და მისი ბრძენი ხალხი იყვნენ შენში გარღვეულის შესაკეთებლად; ყოველნაირი ხომალდი მეზღვაურებითურთ იყო შენში საქონლის გაცვლა-გამოცვლისთვის.
10. სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
11. არვადელები და შენი ლაშქარი იცავდნენ შენს კედლებს ირგვლივ, მორკინალნი შენს ციხე-კოშკებში ისხდნენ, თავიანთ დელამფარებს შენ გალავანზე ჰკიდებდნენ ირგვლივ; ისინი სრულყოფდნენ შენს მშვენებას.
12. თარშიში ვაჭრობდა შენთან, რადგან დოვლათით იყავი სავსე; ვერცხლს, რკინას, კალას და ტყვიას გაძლევდნენ სანაცვლოდ.
13. იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
14. თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
15. დადანელები შენი გამსაღებლები იყვნენ, ბევრი კუნძული გიცვლიდა საქონელს, სპილოს ეშვებს და ებანოზის ხეს გიბრუნებდნენ საფასურად.
16. არამი ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი გქონდა; იაგუნდს, ძოწეულს, ნაქარგებს, ბისონს, მარგალიტს და ბადახშს გაძლევდნენ სანაცვლოდ.
17. იუდა და ისრაელის ქვეყანა შენი გამსაღებლები იყვნენ: მინითის ხორბალს, ნამცხვარს, თაფლსა და ზეთს, და ბალზამს გაძლევდნენ შენს საქონელში.
18. დამასკო ვაჭრობდა შენთან, რადგან ბევრი ნახელავი და ბევრი დოვლათი გქონდა; ხელბონური ღვინო და ქათქათა მატყლი.
19. დანი და იავანი უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელში.
20. დედანი ვაჭრობდა შენთან ცხენის ასალით და მორთულობით.
21. არაბები და კედარის ყველა მთავარი შენთან ვაჭრობდნენ; სანაცვლოდ ბატკნებს, ცხვრებსა და თხებს გიგზავნიდნენ.
22. შებას და რაყმას მოვაჭრენი შენთან ვაჭრობდნენ; რჩეულ ნელსაცხებელს, ყოველნაირ ძვირფას ქვას და ოქროულობას გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
23. ხარანი, ქანე და ყედენი, შებას მოვაჭრენი, აშური და ქილმადი, შენთან ვაჭრობდნენ;
24. ძვირფას შესამოსელს, ლურჯ ნაქარგ მოსასხამებს, ყუთებში ჩაწყობილ ქემახს, თოკებით შეკრულს და შეფუთულს, შენი საქონელის სანაცვლოდ გიგზავნიდნენ.
25. თარშიშის ხომალდებს მიმოჰქონდა შენი საქონელი; აივსე და დიდად გაითქვი ზღვათა შორის.
26. ნიჩბოსნები დაგატარებდნენ დიდ ზღვებზე, მაგრამ აღმოსავლეთის ქარი დაგლეწავს შუაგულ ზღვაში.
27. შენი დოვლათი, შენი საქონელი, შენი სავაჭრებელი, შენი ზღვაოსნები და მესაჭეები, გარღვეულის შემკეთებლები და შენი საქონლის გამსაღებლები, ყველა შენი მეომარი, ვინც კი არის შენში, და მთელი კრებული, შენს შორის მყოფი, ჩაინთქმებიან შუაგულ ზღვაში შენი დაცემის დღეს.
28. შენს მესაჭეთა ღრიალზე შეზანზარდება შემოგარენი.
29. გადმოვლენ შენი ხომალდებიდან ყველა ნიჩბოსანი, მეზღვაურები, ზღვის მესაჭეები და ხმელეთზე დადგებიან.
30. შორს გაისმება მათი ყვირილის ხმა შენს გამო და მწარედ აკივლდებიან; თავზე მტვერს დაიყრიან და ნაცარში გორვას დაიწყებენ.
31. თავს გადაიპარსავენ შენს გამო, ჯვალოს შემოიბლარდნიან და სულგამწარებულნი მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32. გოდებას გამართავენ შენზე დამწუხრებულნი და გიგლოვებენ: ვინ არის, ტვიროსივით რომ დადუმებელიყოს შუაგულ ზღვაში?
33. როცა გამოდიოდა ზღვიდან შენი საქონელი, მრავალრიცხოვან ხალხს აძღობდი; შენი უხვი დოვლათით და სავაჭრებელით ქვეყნის მეფეებს ამდიდრებდი.
34. როცა ჩაილეწე ზღვაში, წყლის უფსკრულებში, შენი საქონელი და მთელი კრებული შთაინთქა შენთან ერთად.
35. ყველა ზღვისპირელი შეძრწუნდა შენს გამო; მათი მეფეები შიშმა მოიცვა და სახე მოექცათ.
36. ხალხებში მოარული ვაჭრები დაუსტვენენ შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.