1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! სეყირის მთისკენ მიაქციე პირი და იწინასწარმეტყველე მასზე,
3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ.
4. შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ.
5. რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
6. ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
7. უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს.
8. დახოცილებით ავავსებ მის მთებს; მახვილით დახოცილნი დაეცემიან შენს გორაკებზე, ხევებში და მდინარეებში.
9. საუკუნო უდაბნოდ გაქცევ და გაუკაცრიელდება შენი ქალაქები; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
10. რაკი ამბობდი, ჩემი იქნებაო ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა, ჩვენ დავიმკვიდრებთო, თუმცა უფალი იყო იქ.
11. ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი: თუ არ მოგექცე შენი რისხვისა და შენი შურისამებრ, რომელიც შენი სიძულვილით გამოიჩინე მათ წინააღმდეგ; მაშინ გავცხადდები მათში, როცა მსჯავრს დაგდებ.
12. მიხვდები, რომ მე, უფალს, მესმოდა შენგან ყოველი აუგი, რომელიც გითქვამს ისრაელის მთებზე: გაუდაბურდნენ, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელადო.
13. მედიდგულებოდით ბაგეებით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ; მე მესმოდა ეს.
14. ასე ამბობს უფალი ღმერთი: როცა მთელი ქვეყანა გაიხარებს, მაშინ გაგაუდაბურებ.
15. როგორც ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურება გიხაროდა, ასევე მოგექცევი შენც: გაუდაბურდებით, სეყირის მთაო და მთელო ედომო, ერთიანად! მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.