1. შენ, ადამის ძევ! უწინასწარმეტყველე ისრაელის მთებს და უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!
2. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მტერმა თქვა თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები,
3. იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: რაკი ყოველის მხრიდან ნატრობენ თქვენს აოხრებას და შთანთქმას, რომ სამკვიდროდ დარჩეთ სხვა ხალხებს, რაკი სალაპარაკოდ და ხალხის საჭორაოდ ხართ გამხდარი,
4. ამიტომ, ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა. ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და გორაკებს, ხევებს და ხეობებს, უკაცრიელ ნაოხარებს და მიტოვებულ ქალაქებს, რომლებიც ნადავლად და შთასანთქმელად დარჩათ დანარჩენ ხალხებს, გარშემო რომ არიან.
5. ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ნახავთ, თუ ჩემი შურის ცეცხლით არ ვილაპარაკე დარჩენილ ხალხთა წინააღმდეგ და მთელი ედომის წინააღმდეგ, რომელთაც მიისაკუთრეს ჩემი ქვეყანა სამკვიდროდ და მთელი გულით უხარიათ ზიზღით აღსავსეთ, რომ დაიტაცეს მისი დოვლათი.
6. ამიტომ იწინასწარმეტყველე ისრაელის მიწაზე და უთხარი მთებს, გორაკებს, ხევებს და ხეობებს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ჩემი შურით და ჩემი რისხვით ვილაპარაკე იმის გამო, რომ შეურაცხყოფას ითმენთ ხალხებისგან.
7. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხელი აღვმართე და ნახეთ, თუ შეურაცხყოფა არ ატარონ ხალხებმა, თქვენს გარშემო რომ არიან!
8. თქვენ კი, ისრაელის მთებო, გაშალეთ ტოტები და ატარეთ თქვენი ნაყოფი ჩემი ერისთვის, ისრაელისთვის, რადგან მალე მოვლენ.
9. რადგან, აჰა, თქვენკენა ვარ, თქვენკენ შემოვბრუნდი, მოიხვნებით და დაითესებით!
10. გაგიმრავლებთ ხალხს, მთელს ისრაელის სახლს, ერთობლივ, დასახლდება ქალაქები და ნაოხარები აშენდება.
11. გაგიმრავლებ კაცსა და პირუტყვს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ; დაგასახლებთ წინანდებურად და კეთილად მოგექცევით, როგორც თავდაპირველად გექცეოდით, და დაინახავთ, რომ უფალი ვარ.
12. მოვიყვან თქვენთან ხალხს - ჩემს ერს, ისრაელს, რათა დაგიმკვიდროს და გახდე მისი წილხვედრი, რომ აღარასოდეს გახადო შვილმკვდარი.
13. ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო,
14. ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ხალხს შვილმკვდარს აღარ გახდი, ამბობს უფალი ღმერთი.
15. აღარ მოგასმენინებ შეურაცხყოფას ხალხებისგან და აღარ გექნება მოსათმენი ლანძღვა-თრევა ტომებისგან, აღარ წააფორხილებ შენს ხალხს, ამბობს უფალი ღმერთი.
16. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
17. ადამის ძევ! ისრაელის სახლმა გააუწმიდურა მიწა, სადაც ცხოვრობს, თავისი გზებით და მოქმედებით; მირეული ქალის უწმიდურებასავით არის მათი გზა ჩემს წინაშე.
18. გადმოვანთხიე მათზე ჩემი რისხვა სისხლის გამო, მიწაზე რომ დასთხია, და კერპების გამო, რომლითაც გააუწმიდურა იგი.
19. და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი.
20. მივიდნენ ხალხთან, სადაც მივიდნენ, და შელახეს ჩემი წმიდა სახელი; თქვეს მათზე: უფლის ხალხია ესენი და თავისი ქვეყნიდან გამოვიდნენო.
21. მაგრამ მე დავითმინე ჩემი წმიდა სახელის გამო, რომელიც შელახა ისრაელის სახლმა იმ ხალხში, სადაც მივიდნენ.
22. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თქვენი გულისთვის არ აღვძრულვარ, ისრაელის სახლო, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, რომელიც შელახეთ იმ ხალხში, სადაც მიხვედით.
23. წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.
24. გამოგიყვანთ ხალხებიდან, გამოგკრებთ ყველა ქვეყნიდან და მოგიყვანთ თქვენს მიწაზე.
25. გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.
26. მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ.
27. ჩემს სულს ჩაგიდგამთ შიგნით და ისეთებს გაგხდით, რომ ჩემს წესებზე იაროთ და ჩემი სამართალი აღასრულოთ.
28. იცხოვრებთ იმ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი; იქნებით ჩემთვის საკუთარ ერად და მე თქვენი საკუთარი ღმერთი ვიქნები.
29. გიხსნით ყველა უწმიდურობისგან, გამოვიხმობ პურს, გავაუხვებ მას და აღარ მოვავლენ თქვენზე შიმშილს.
30. გავამრავლებ ხის ნაყოფს და მინდვრის მოსავალს, რომ აღარ ითმენდეთ სირცხვილს ხალხთა შორის შიმშილის გამო.
31. მაშინ გაიხსენებთ თქვენს უკეთურ გზებს და უკუღმართ საქმეებს და შეგზარდებათ საკუთარი თავი თქვენს დანაშაულთა და სისაძაგლეთა გამო.
32. თქვენი გულისთვის არ აღვიძრები, ამბობს უფაღი ღმერთი; ეს შეიგნეთ! გრცხვენოდეთ და გაწითლდით თქვენი გზების გამო, ისრაელის სახლო!
33. ასე ამბობს უფალი ღმერთი როცა ჩამოგრეცხავთ ყოველგვარ დანაშაულს, დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები,
34. მოიხვნება უკაცრიელი მიწა, უდაბურად რომ უჩნდა ყოველ ჩამვლელს;
35. იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება.
36. მიხვდებიან ხალხები, რომლებიც შემორჩებიან თქვენს გარშემო, რომ მე, უფალმა, ავაშენე დანგრეული და გავაშენე გაუდაბურებული, რადგან მე, უფალმა, ვთქვი და აღვასრულებ.
37. ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, კიდევ რა მთხოვა ისრაელის სახლმა, რომ გავუკეთო მას: ცხვრის ფარასავით გავუმრავლო მათ ადამიანი.
38. ხომ ბევრია შესაწირავი ცხვარი, იერუსალიმის ცხვარი მის დღესასწაულებზე, ასევე სავსე იქნება ნაოხარი ქალაქები ადამიანთა ფარით და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.