1. იყო უფლის ხელი ჩემზე და გამიყვანა უფალმა სულით და დამსვა შუაგულ ველზე, რომელიც ძვლებით იყო სავსე.
2. შემომატარა მათ გარშემო და, აჰა, ძალზე ბევრი ეყარა ველზე და, აჰა, ძალზე გამხმარი იყო.
3. მითხრა: ადამის ძევ! თუ გაცოცხლდება ეს ძვლები? ვთქვი, უფალო ღმერთო, შენ იცი-მეთქი.
4. მითხრა: უწინასწარმეტყველე ამ ძვლებს და უთხარი მათ: გამხმარო ძვლებო, ისმინეთ უფლის სიტყვა!
5. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ამ ძვლებს: აჰა, შევიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით.
6. მოგცემთ ძარღვებს, შეგასხამთ ხორცს და კანს გადაგაკრავთ, სულს ჩაგიდგამთ და გაცოცხლდებით; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
7. ვიწინასწარმეტყველე, როგორც მებრძანა. გაისმა ხმა, როცა წინასწარვმეტყველებდი და, აჰა, შეიქნა ზანზარი და ძვალი ძვალს მიედგა.
8. დავინახე: აჰა, ძარღვები ჩნდება მათზე, ესხმით ხორცი და ზედ კანი ეკვრით, მაგრამ სული არ არის
9. მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ.
10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.
11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
12. ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო, და მოგიყვანთ ისრაელის მიწაზე.
13. მიხვდებით, რომ უფალი ვარ, როცა გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ერო.
14. ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.
15. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
16. შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;
17. ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.
18. როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?
19. უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, ავიღებ იოსების ხეს, რომელიც ეფრემის და ისრაელის შტოთა, მის თანამდგომთა, ხელშია და მივუდგამ მას იუდას ხეს, გადავაქცევ ერთ ხედ და ერთი იქნება ჩემს ხელში.
20. როცა ეს ხეები, რომლებზეც წააწერე, შენს ხელში იქნება შენს თვალწინ.
21. უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, გამოვიყვან ისრაელიანებს ხალხებიდან, რომლებთანაც არიან წასული, გამოვკრებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე,
22. ერთ ხალხად გავხდი მათ ქვეყანაში, ისრაელის მთებზე, ერთი მეფე იქნება ყველასათვის მეფედ; აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ იქნებიან გაყოფილნი ორ სამეფოდ ამიერიდან.
23. აღარ გაუწმიდურდებიან თავიანთი კერპებით და სისაძაგლეებით, არანაირი დანაშაულით, და ვიხსნი მათ ყოველი მათი საცხოვრებლიდან, სადაც სცოდავდნენ; გავწმედ მათ და ერად მეყოლება ისინი, მე კი მათი ღმერთი ვიქნები.
24. ჩემი მორჩილი დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი იქნება ყველასათვის; ივლიან ჩემს სამართალზე და ჩემს წესებს დაიცავენ.
25. იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
26. დავუდებ მათ მშვიდობის აღთქმას და საუკუნო აღთქმა იქნება მათთვის; დავამკვდრებ მათ და გავამრავლებ, მათ შორის დავდგამ ჩემს საწმიდარს საუკენოდ.
27. იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან.
28. მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის.