1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
3. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
4. გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელს შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
5. სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
6. გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
7. გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენს წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
8. მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
9. აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის.
10. ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმ დღეს ფიქრები აღგეძრება გულში და ავ ზრახვებს განიზრახავ,
11. იტყვი: გავილაშქრებ შემოუზღუდველ დაბებზე, თავს დავესხმები უზრუნველ ხალხს, მშვიდად მცხოვრებთ, უგალავნოდ რომ ცხოვრობენ ყველანი და არც ურდულები აქვთ და არც კარები;
12. რომ წარვტყვევნო და ვიალაფო, მივმართო ხელი აწ გაშენებულ ნაოხარებზე; ხალხებიდან გამოკრებილ ერზე, პირუტყვისა და დოვლათის მქონებელზე, ქვეყნის ჭიპში რომ ცხოვრობს.
13. შება და დედანი, თარშიშელი ვაჭრები და ყველა მისი დაბა, გეტყვიან შენ: ხომ წარსატყვევნელად ხარ მისული? ხომ საალაფოდ შემოგიკრებია შენი კრებული, რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, წაასხა საქონელი და იალაფო დიდძალი დოვლათი?
14. ამიტომ იწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი გოგს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: როგორ ფიქრობ, არ დაემკვიდრება იმ დღეს ჩემი ერი, ისრაელი, უზრუნველად?
15. მოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, შენ და შენი ურიცხვი ხალხი შენთან ერთად, ყველანი ცხენებზე ამხედრებულნი, დიდძალი კრებული და ურიცხვი ლაშქარი;
16. წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
17. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შენ ის არა ხარ, ვისზეც ვლაპარაკობდი ძველ დროში ჩემს მორჩილთა, ისრაელის წინასწარმეტყველთა, პირით, იმ დღეებზე რომ წინასწარმეტყველებდნენ, როცა შენ მოგიყვანე მათ წინააღმდეგ?
18. სწორედ იმ დღეს, გოგის თავდასხმის დღეს ისრაელის მიწაზე, ამბობს უფალი ღმერთი, აღიგზნება ჩემი რისხვა ჩემს ნესტოებში.
19. შურითა და რისხვის ცეცხლით ვლაპარაკობ, რომ იმ დღეს მოხდება დიდი შეზანზარება ისრაელის მიწაზე;
20. შეიძრებიან ჩემს წინაშე ზღვის თევზები და ცის ფრინველები, მიწის მხეცები და ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი კაცი, ვინც კი არის მიწის პირზე; ჩამოიქცევა მთები და ჩამოშვავდება ქარაფები, ქვეყნის ყოველი კედელი ჩამოწვება.
21. მოვუწოდებ მახვილს მის წინააღმდეგ ისრაელის ყოველ მთაზე, ამბობს უფალი ღმერთი და ერთმანეთისგან ექნებათ მიმართული მახვილები.
22. დავსჯი მათ შავი ჭირით და სისხლით; თავსხმას, ქვის სეტყვას, ცეცხლსა და წუმწუმას ვაწვიმებ მათზე, მის ურდოებზე და ურიცხვ ხალხზე, მასთან რომ არიან.
23. მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.