1. შენ, ადამის ძევ, აიღე ალიზი და წინ დაიდევი, დახაზე ზედ ქალაქი, იერუსალიმი.
2. გამოსახე მისი ალყა, მოაწყვე სანგრები, აღმართე მიწაყრილები, განაწყვე ბანაკები და ტარანები დააყენე ირგვლივ.
3. აიღე რკინის ტაფა და დადგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, პირი მიაქციე მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს არის ისრაელის სახლის ნიშანი.
4. დაწექი მარცხენა გვერდზე და დაიდევი ისრაელის სახლის ცოდვა, რამდენ დღესაც იქნები წამოწოლილი, იმდენხანს ატარებ მათ ცოდვას.
5. მე მიგითვალავ მათი უკეთურების წლებს დღეთა რიცხვის მიხედვით- სამას ოთხმოცდაათ დღეს - და ატარებ ისრაელის სახლის უკეთურებას.
6. ამას დაასრულებ და დაწვები მეორედ მარჯვენა გვერდზე, და ატარებ იუდას სახლის უკეთურებას ორმოც დღეს. თითო წელზე თითო დღეს მიგითვალავ.
7. იერუსალიმის ალყისკენ მიაქციე პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ.
8. აჰა, დაგადე ბორკილები და გვერდს ვერ შეიცვლი, ვიდრე არ შეასრულებ შენი ალყის დღეებს.
9. აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი და ასლი, ჩაყარე ისინი ერთ ჭურჭელში და გქონდეს საჭმელად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გვერდზე იქნები დაწოლილი: სამას ოთხმოცდაათ დღეს უნდა ჭამო ისინი.
10. შენი საჭმელი, რასაც შეჭამ, ოცი შეკელი უნდა იყოს დღეში. ჟამიდან ჟამზე უნდა ჭამდე.
11. წყალი ზომაზე უნდა სვა, ჰინის მეექვსედი უნდა სვა ჟამიდან ჟამზე.
12. ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.
13. თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელიანები თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხთა შორის, რომლებთანაც განვდევნი მათ.
14. ვთქვი: ეჰა, უფალო ღმერთო! აი, არ არის ჩემი სული გაუწმიდურებული, მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია სიყმაწვილიდან დღემდე და უსურმაგის ხორცი არ ჩამსვლია პირში.
15. მითხრა: კარგი, ძროხის ნეხვს გაძლევ ადამიანის განავალის ნაცვლად, მოამზადე მასზე შენი პური.
16. მითხრა: ადამის ძევ! აჰა, გავტეხავ პურის კვერთხს იერუსალიმში, რომ წონით და სიმწრით ჭამდნენ პურს, და წყალს გამოზომით და შიშით სვამდნენ.
17. რადგან მოაკლდებათ პური და წყალი, შიშით დაუწყებენ ერთმანეთს ცქერას და დაილევიან თავიანთი უკეთურების გამო.