1. გამომიყვანა გარეთა ეზოში ჩრდილოეთის გზით და შემიყვანა ოთახში. რომელიც შემოკავებული ადგილისა და შენობის პირდაპირ იყო მოთავსებული, ჩრდილოეთ მხარეს.
2. მისი სიგრძე ჩრდილოეთის შესასვლელთან ასი წყრთა იყო, სიგანე ორმოცდაათი წყრთა.
3. ოცი წყრთის გაყოლებაზე შიდა ეზოში და ქვაფენილის გაყოლებაზე გარეთა ეზოში სვეტნარი იყო ერთმანეთის პირდაპირ სამ სართულად.
4. ოთახების წინ გასასვლელი ათი წყრთა სიგანით და შიდა გზა ერთი წყრთა; შესასვლელები ჩრდილოეთისკენ იყო.
5. ზემო ოთახები უფრო ვიწრო იყო, რადგან სვეტნარი იკავებდა მათ ადგილს შენობის ქვედა და შუა ნაწილიდან.
6. რადგან სამ სართულად იყო ისინი და არ ჰქონდა სვეტები ეზოს სვეტების მსგავსად, ამიტომაც შევიწროებული იყო იატაკიდან ქვედა და შუა სართულისკენ.
7. გალავანი, რომელიც გარეთ იყო ოთახების გასწვრივ ჩრდილოეთის ეზოსკენ, ოთახების პირდაპირ, სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო.
8. რადგან გარეთა ეზოს ოთახების სიგრძე იყო ორმოცდაათი წყრთა და, აჰა, მთელი სიგრძე სასახლის გასწვრივ ასი წყრთა.
9. ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.
10. ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
11. მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.
12. სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.
13. მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.
14. აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
15. დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა და გამიყვანა აღმოსავლეთისკენ მიქცეულ კარიბჭეში და გაზომა ის ირგვლივ.
16. გაზომა აღმოსავლეთის მხარე საზომი ლერწმით და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ირგვლივ.
17. გაზომა ჩრდილოეთის მხარე და გამოვიდა ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით, ირგვლივ.
18. სამხრეთის მხარე გაზომა და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
19. შემოტრიალდა დასავლეთისკენ და გადაზომა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
20. ოთხ მხარეს გაზომა ეს ადგილი; გარს კედელი ერტყა სიგრძით ხუთასი წყრთა და სიგანით ხუთასი წყრთა, წმიდისა და ნალახის განსაცალკევებლად.