1. მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.
2. და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
3. ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე.
4. უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული.
5. ამწია სულმა და შემიყვანა შიდა ეზოში და, აჰა, უფლის დიდებით იყო ტაძარი ავსებული.
6. გავიგონე, რომ მელაპარაკებოდა ტაძრიდან; ის კაცი კი ჩემს გვერდით იდგა.
7. მითხრა: ადამის ძევ! ეს არის ადგილი ჩემი ტახტისა და ადგილი ჩემს ფეხთა ტერფებისა, სადაც საუკუნოდ ვიქნები ისრაელიანთა შორის; აღარ გააუწმიდურებს ჩემს წმიდა სახელს ისრაელის სახლი, არც ის და არც მისი მეფეები, თავიანთი გარყვნილებით და თავიანთ მეფეთა ძეგლებით გორაკებზე;
8. თავიანთი ზღურბლის ჩემს ზღურბლთან გათანაბრებით, თავიანთი წყრთილების ჩემს წყრთილებთან გათანასწორებით და კედლის აღმართვით ჩემსა და მათ შორის. აუწმიდურებდნენ ჩემს წმიდა სახელს თავიანთი სისაძაგლეებით, რომელთაც სჩადიოდნენ, და მე ვშთანთქე ისინი ჩემს რისხვაში.
9. ამიერიდან გამარიდებენ თავიანთ გარყვნილებას და თავიანთ მეფეთა ძეგლებს და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ.
10. შენ კი ადამის ძევ, აუწყე ისრაელის სახლს ამ ტაძრის ამბავი, რომ შერცხვეთ თავიანთი უკეთურობებისა და გაზომონ შენობა.
11. თუ შერცხვებათ ყველაფრისა, რაც ჩადენილი აქვთ, გამოუცხადე მათ ტაძრის ნახაზი, მისი აღნაგობა, მისი შესასვლელ-გამოსასვლელები, მთელი მისი ნახაზი და ყოველი წესი და კანონი; დაუწერე, რომ დაიცვან ყოველი მისი ნახაზი და წესი, და შეასრულონ.
12. ეს არის ტაძრის რჯული: მთელი მიდამო მთის წვერზე წმიდათა წმიდაა ირგვლივ. აჰა, ეს არის ტაძრის რჯული.
13. აი, სამსხვერპლოს ზომები წყრთებში (წყრთად ითვლება წყრთა ხელის მტევანთან ერთად): კვარცხლბეკი ერთი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა, ძგიდე მის კიდეზე ირგვლივ ერთი მტკაველი; ეს არის სამსხვერპლოს ზურგი.
14. მიწაზე მდგარი კვარცხლბეკიდან ქვემო შვერილამდე ორი წყრთა და სიგანე ერთი წყრთა; მცირე შვერილიდან დიდ შვერილამდე ოთხი წყრთა, სიგანე ერთი წყრთა.
15. საკურთხეველის სიმაღლე ოთხი წყრთა; საკურთხევლიდან ზემოთ ოთხი რქა ამოდის.
16. საკურთხევლის სიგრძე თორმეგი წყრთაა, თორმეტი წყრთა სიგანე, ოთხკუთხედია თავის ოთხივე მხარეს.
17. შვერილის სიმაღლე თოთხმეტი წყრთა, სიგანეც თოთხმეტი წყრთა მის ოთხივე მხარეს; ძგიდე მის ირგვლივ ნახევარი წყრთა, მისი კვარცხლბეკის ირგვლივ ერთი წყრთა; მისი საფეხურები აღმოსავლეთისკენაა.
18. მითხრა: ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს არის წესები სამსხვერპლოსი იმ დღისთვის, როცა გაკეთდება, აღსავლენის შესაწირად და მასზე სისხლის სასხურებლად.
19. მიეცი ლევიან მღვდლებს, ცადოკის მოდგმისანი რომ არიან, ჩემთან დაახლოებულთ, ამბობს უფალი ღმერთი, ხბო ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლისთვის, რათა მემსახურონ.
20. აიღე მისი სისხლიდან და ასხურე სამსხვერპლოს ოთხ რქას, შვერილის ოთხ მხარეს და ძგიდეს, ირგვლივ; ამით განწმედ ცოდვისგან და გაასუფთავებ მას.
21. აიღე ხბო ცოდვის გამოსასყიდად და დაწვი იგი ტაძრის დათქმულ ადგილას, საწმიდარის გარეთ.
22. მეორე დღეს შესწირე საღი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ამით განწმედ სამსხვერპლოს, როგორც ხბოთი განწმიდეს.
23. როცა განწმედას მორჩები, შესწირე საღი ხბო და საღი ვერძი ფარიდან.
24. მიიყვანე უფლის წინაშე და დააფრქვიონ მათ მღვდლებმა მარილი, და აღსავლენად აღუვლინონ უფალს.
25. შვიდი დღის მანძილზე ამზადებდე თითო თხას დღეში ცოდვის გამოსასყიდად; ხბო და ფარის ვერძიც საღი მოამზადონ.
26. შვიდი დღის მანძილზე შეასრულონ გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთან განწმიდონ ის და აუვსონ ხელი.
27. როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.