1. ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.
2. შევა მთავარი გარედან კარიბჭის სტოას გზით და დადგება კარიბჭის წყრთილებთან; ხოლო როცა მღვდლები გაამზადებენ აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს, ის თაყვანს სცემს კარიბჭის ზღურბლთან და გავა; კარიბჭე არ დაიკეტება საღამომდე.
3. თაყვანი უნდა სცეს ქვეყნის ერმა უფალს ამ კარიბჭის შესასვლელთან შაბათობით და ახალმთვარობისას.
4. აი, აღსავლენი, რომელიც უნდა მიუტანოს მთავარმა უფალს შაბათ დღეს: ექვსი საღი ბატკანი და ერთი საღი ვერძი.
5. ძღვენი - ერთი ეფა ვერძზე, ხოლო ბატკნებზე ძღვენი - შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.
6. ახალი მთვარის დღეს საღი ხბოები, ექვსი საღი ბატკანი და ვერძი უნდა იყოს.
7. ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა გაამზადოს, ბატკნებზე კი - როგორც ხელი მიუწვდება, და ერთი ჰინი ზეთი ერთ ეფაზე.
8. როცა მთავარი შედის, კარიბჭის სტოას გზით უნდა შევიდეს და იმავე გზით უნდა გამოვიდეს.
9. როცა ქვეყნის ერი მივა უფლის წინაშე დღესასწაულებზე, ჩრდილოეთის კარიბჭის გზით სათაყვანებლად შემსვლელნი სამხრეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; სამხრეთის კარიბჭით შემსვლელნი კი ჩრდილოეთის კარიბჭით უნდა გამოვიდნენ; არ უნდა გაბრუნდნენ იმავე კარიბჭით, რომლითაც შევიდნენ, არამედ საპირისპიროთი უნდა გავიდნენ.
10. მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა.
11. დღესასწაულებში და ზეიმებში ხბოზე და ვერძზე თითო ეფა ძღვენი უნდა იყოს, ბატკნებზე კი შეძლებისდაგვარად; და ერთი ჰინი ზეთი ეფაზე.
12. როცა მთავარი გაამზადებს ნებაყოფლობით აღსავლენს ან ნებაყოფლობით სამადლობელ მსხვერპლს უფლისთვის, მისთვის გაიღება აღმოსავლეთის კარიბჭე და ის შესწირავს თავის აღსავლენს და სამადლობელს, როგორც შაბათობით წირავს, და გავა; მისი გასვლისას კარიბჭე იკეტება.
13. წელგამოვლი კი საღი ბატკანი შესწირე ყოველდღიურად უფალს აღსავლენად; ყოველ დილას შესწირე.
14. ძღვენი უნდა გაუმზადო მასთან ერთად დილაობით - ეფის მეექვსედი, ხოლო ზეთი ჰინის მესამედი, გამტკიცული ფქვილის მოსაზელად. ეს არის საუფლო მუდმივი ძღვენის საუკუნო წესი.
15. გაამზადონ ბატკანი, ძღვენი და ზეთი დილაობით მუდმივი აღსავლენისთვის.
16. ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუ მთავარი მისცემს თავის ერთ-ერთ შვილს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან, ეს მისი შვილების იქნება, მათი საკუთრება იქნება მემკვიდრეობით.
17. თუ მისცემს საჩუქარს თავისი სამკვიდროდან თავის ყმათაგანს ვისმე, მისი იქნება აზატობის წლამდე, მერე კი მთავარს დაუბრუნდება; მისი სამკვიდრო მხოლოდ მისი შვილებისაა, მათ ეკუთვნით.
18. ვერ აიღებს მთავარი ვერაფერს ხალხის სამკვიდროდან მათთვის საკუთრების წართმევით; მხოლოდ თავისი საკუთრებიდან შეუძლია მისცეს სამკვიდროდ თავის შვილებს, რომ არავინ მოწყდეს ჩემი ხალხიდან თავის საკუთრებას.
19. შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.
20. მითხრა: ეს არის ის ადგილი, სადაც უნდა ხარშავდნენ მღვდლები დანაშაულის და ცოდვის მსხვერპლს და აცხობდნენ ძღვენს გარეთა ეზოში გატანის გარეშე, რომ სიწმიდე ერს არ გადასდონ.
21. გამიყვანა გარეთა ეზოში და მომატარა ეზოს ოთხივე კუთხე და, აჰა, თითო ეზო იყო ეზოს ყოველ კუთხეში.
22. ეზოს ოთხივე კუთხეში ოთხი მომცრო ეზო იყო ორმოცი წყრთა სიგრძისა და ოცდაათი წყრთა სიგანისა; ოთხივეს ერთი ზომა ჰქონდა კუთხეებიდან.
23. ირგვლივ კედელი ერტყა მათ, ოთხივე კუთხეს ირგვლივ, და სამზარეულოები იყო მოწყობილი კედლების ძირას, ირგვლივ.
24. მითხრა: ეს არის მზარეულთა სახლი, სადაც ხარშავენ ტაძრის მსახურნი საერო მსხვერპლს.