1. დამაბრუნა ტაძრის შესასვლელთან და, აჰა, წყალი მიედინება ტაძრის ზღურბლის ქვეშიდან აღძოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიქცეული ტაძარი; წყალი გამოდის ქვეშიდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით.
2. გამიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭის გზით და გამატარა გარეთა გზით გარეთა კარიბჭისკენ, გარეთა გზით, აღმოსავლეთისკენ რომ მიემართება, და აჰა, მოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.
3. როცა ეს კაცი აღმოსავლეთისკენ წავიდა ლარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და გამიყვანა წყალში; კოჭებამდე იყო წყალი.
4. გაზომა კიდევ ათასი და გამატარა წყალში და მუხლამდე იყო; გაზომა ათასი და გამატარა; წელამდე იყო.
5. გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელიც ვეღარ გადავლახე, რადგან ამაღლდა წყალი, გადასაცურავი გახდა; ფეხით გადასვლა არ იქნებოდა მდინარეზე.
6. მითხრა: ხომ დაინახე, ადამის ძევ! წამიყვანა და დამაბრუნა მდინარის ნაპირას.
7. დავბრუნდი და, აჰა, ბევრი ხე იყო მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.
8. მითხრა: ეს წყალი მიედინება აღმოსავლეთის მხარეს და ჩადის ველზე, შეერთვის ზღვას და, როცა აღმოჩნდება ზღვაში, განიკურნება წყლები.
9. ყოველი სულდგმული, რომელიც ფუთფუთებს ყველგან, სადაც ეს მდინარე ჩაივლის, გაცოცხლდება; დიდად გამრავლდება თევზი, რადგან სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერი განიკურნება და გაცოცხლდება, სადაც კი ეს წყალი ჩაივლის.
10. იდგებიან იქ მეთევზეები და ენგადიდან მოყოლებული ენყეგლაიმამდე იქნება დაგებული ბადეები; იმგვარივე თევზი ექნებათ მათ, როგორიც დიდ ზღვაშია, დიდზე დიდძალი.
11. ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, სამარილედ დარჩება.
12. მდინარის ორსავე ნაპირზე გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; არ დაჭკნება მისი ფოთოლი და არ მოილევა მისი ნაყოფი; ყოველ თვეს ინაყოფებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი - განსაკურნებლად.
13. ასე ამბობს უფალი ღმერთი: აი, საზღვრები, რომელთა თანახმად უნდა დაუნაწილო ქვეყანა ისრაელის თორმეტ შტოს; იოსებს ორი წილი.
14. თანაბრად გაუნაწილე ყველას, რადგან ხელის აწევით შევფიცე თქვენს მამა-პაპას, რომ მათ მივცემდი ამ ქვეყანას; თქვენ გერგებათ ის სამკვიდროდ.
15. აი, ქვეყნის საზღვარი: ჩრდილოეთით დიდი ზღვიდან ხეთლონის გზით ცედადამდე,
16. ხამათამდე, ბეროთამდე, სიბრაიმამდე, დამასკოს საზღვარსა და ხამათის საზღვარს შორის რომ არის მოქცეული, და შუა ხაცერამდე, ხავრანის საზღვართან რომ მდებარეობს.
17. გავა საზღვარი ზღვიდან ხაცარ-ყენონამდე, დამასკოს და ცაფონის საზღვართან, ჩრდილოეთით, და ხამათის საზღვართან. ეს არის ჩრდილოეთის მხარე.
18. აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.
19. სამხრეთის მხრიდან სამხრეთისკენ - თამარიდან მერიბოთ-კადეშის წყლებამდე, მდინარემდე დიდი ზღვისკენ. ეს იქნება სამხრეთის მხარე, სამხრეთით.
20. დასავლეთის მხრიდან იქნება დიდი ზღვა სამხრეთის საზღვრიდან ხამათის მისადგომამდე. ეს იქნება დასავლეთის მხარე.
21. დაინაწილეთ ეს ქვეყანა ისრაელის შტოთა შორის.
22. დაინაწილეთ წილისყრით სამკვიდრო თქვენ და თქვენმა მდგმურებმა, თქვენს შორის რომ მდგმურობენ და შვილები გააჩინეს თქვენს შორის; ძირეულნი უნდა იყვნენ თქვენთვის ისინი ისრაელიანებში და თქვენთან უნდა იყარონ წილი ისრაელის შტოთა შორის სამკვიდროსთვის.
23. რომელ შტოშიც იქნება მდგმურად, იქ მიეცით სამკვიდრო, ამბობს უფალი ღმერთი.