1. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
2. ადამის ძევ! პირი მიაქციე ისრაელის მთებისკენ და უწინასწარმეტყველე მათ,
3. უთხარი: ისრაელის მთებო, ისმინეთ უფალი ღმერთის სიტყვა: ასე ეუბნება უფალი ღმერთი მთებსა და ბორცვებს, ხრამებს და ხეობებს: აჰა, მოვავლენ თქვენზე მახვილს და გავანადგურებ თქვენს გორაკებს;
4. გაუდაბურდება თქვენი სამსხვერპლოები და შეიმუსრება თქვენი მზის სვეტები; დავყრი თქვენს დახოცილებს თქვენი კერპების წინ.
5. მივუყრი ისრაელიანთა გვამებს მათსავე კერპებს და თქვენს სამსხვერპლოთა ირგვლივ მიმოვფანტავ თქვენს ძვლებს.
6. ყველა თქვენს საცხოვრებლებში აოხრებული ინება ქალაქები და გაუდაბურდება საკერპოები, რადგან უნდა მოოხრდნენ და გაუდაბურდნენ თქვენი სამსხვერპლოები, შეიმუსრონ და მოისპონ თქვენი კერპები, დაემხოს თქვენი ბზის სვეტები და აღიგავოს თქვენი ნამოქმედარნი.
7. დაეცემიან თქვენს შორის დახოცილნი და მიხვდებით, რომ მე უფალი ვარ.
8. დაგიტოვებთ ნატამალს, რომ გყავდეთ ხალხებში მახვილს გადარჩენილნი, როცა სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტებიან.
9. გამიხსენიბენ გადარჩენილნი იმ ხალხებში, სადაც ტყვედ იქნებიან, როცა შევმუსრავ მათ გარყვნილ და განდგომილ გულებს და თვალებს, რომლებიც ირყვნებოდნენ მათი კერპების კვალზე; საკუთარი თავი შეძაგდებათ იმ უკეთურებათა და სიბილწეთა გამო, რასაც სჩადიოდნენ.
10. მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, რომ ამაოდ არ მითქვამს მათთვის, რომ დავატეხდი ამ უბედურებას.
11. ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
12. შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმუღი შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
13. და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
14. ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.