1. მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს ვიჯექი ჩემს სახლში და იუდას უხუცესები ისხდნენ ჩემს წინ; მაშინ დამეცა იქ უფლის, ღვთის ხელი.
2. ვიხილე, აჰა, რაღაც ცეცხლის მსგავსი; წელთან და მის ქვემოთ ცეცხლი იყო, წელს ზემოთ კი რაღაც ნათების მსგავსი, როგორც კაშკაშა ლითონი.
3. გამოიწოდა რაღაც ხელისმაგვარი, ქეჩოში ჩამავლო და ამწია სულმა ცასა და მიწას შორის, და მიმიყვანა ღვთიურ ხილვებში, იერუსალიმს, შიდა კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიმართული, სადაც დგას შურის ხატი, შურის აღმძვრელი.
4. აჰა, იყო იქ ისრაელის ღმერთის დიდება, მსგავსი იმისა, რაც ხეობაში ვიხილე.
5. მითხრა: ადამის ძევ! მიმართე მზერა ჩრდილოეთის გზას. მივმართე მზერა ჩრდილოეთის გზას და, აჰა, სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ეს შურის ხატი იყო, შესასვლელთან.
6. მითხრა: ადამის ძევ! თუ ხედავ, რასაც ისინი სჩადიან? თუ ხედავ ამ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ისრაელის სახლი სჩადის, რათა მე განვეშორო ჩემს საწმიდარს? კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს.
7. მიმიყვანა ეზოს შესასვლელთან და დავინახე, აჰა, ერთი ხვრელია კედელში.
8. მითხრა: ადამის ძევ! გათხარე კედელი! მეც გავთხარე კედელი და, აჰა, გასასვლელია ერთი.
9. მითხრა: შედი და იხილე ბოროტი სისაძაგლეები, რასაც აქ სჩადიან.
10. შევედი და, ვიხილე, აჰა, ყოველნაირ ქვეწარმავალთა და უწმიდურ ცხოველთა გამოსახულებანი და ისრაელის სახლის ყოველნაირი კერპი, გამოსახული ირგვლივ, მთელს კედელზე.
11. სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან დგას მათ წინ და იაზანია შაფანის ძეც დგას მათ შორის; თითოეულს სასაკმევლე უჭირავს ხელში და საკმევლის ზრქელი ღრუბელი ადის მაღლა.
12. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ, რას სჩადიან ისრაელის სახლის უხუცესები ბნელში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ, უფალი ვერ გვხედავს ჩვენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეყანა.
13. მითხრა: კიდევ იხილავ დიდ სისაძაგლეებს, რომლებსაც ესენი სჩადიან.
14. მიმიყვანა უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, ჩრდილოეთისკენ რომ არის, და, აჰა, სხედან იქ დედაკაცები და გლოვობენ თამუზს.
15. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? კიდევ იხილავ ამაზე უარეს სისაძაგლეებს.
16. მიმიყვანა უფლის სახლის შიდა ეზოში, და აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის, დამდგარა ოცდახუთიოდე კაცი ზურგით უფლის ტაძრისკენ და პირით აღმოსავლეთისკენ და ეთაყვანებიან მზეს აღმოსავლეთით.
17. მითხრა: თუ ხედავ, ადამის ძევ? ნუთუ არ ეყო იუდას სახლს იმ სისაძაგლეთა ჩადენა, აქ რომ სჩადის, რომ აუვსია ქვეყანა ძალადობით და უფროდაუფრო მანრისხებს? აჰა, ცხვირთანა აქვთ მიტანილი რტოები.
18. მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.