ძველი აღთქმა
ეზეკიელ წინასწარმეტყველი
თავი მეცხრე
1. ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: ახლოს
მოდექით, ქალაქის დამსჯელნო, თითოეული თავისი
დამღუპველი იარაღით ხელში!
2. აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით,
ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს
ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და
მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან.
3. ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის
ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც
მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე.
4. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც
კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო.
5. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ
შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ.
6. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები
სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ
ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს
ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან.
7. უთხრა მათ: გააუწმიდურეთ ტაძარი და აავსეთ ეზოები დახოცილებით და გადით. ისინიც
გავიდნენ და ქალაქში დაიწყეს მუსვრა.
8. როცა მათ გაავლეს მუსრი, მე კი გადავრჩი, პირქვე
დავემხე, შევღაღადე და ვუთხარი: ვაგლახ, უფალო
ღმერთო! ნუთუ გაწყვეტ ისრაელის მთელს ნატამალს შენი რისხვის გადმოღვრით იერუსალიმზე?
9. მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა
და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.
10. მეც ასე მოვიქცევი: არ შეიბრალებს ჩემი თვალი და არ დავინდობ. მათ თავზევე
მოვაქცევ მათსავე საქმეებს.
11. აჰა, კაცმა, სელით შემოსილმა, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე, მოიტანა
პასუხად სიტყვა: შევასრულე, როგორც მიბრძანე.
|