ძველი აღთქმა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 32 (33)

1. იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.

2. ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.

3. უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.

4. რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.

5. უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.

6. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.

7. შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.

8. ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.

9. რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.

10. უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.

11. აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.

12. ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.

13. ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.

14. თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.

15. მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.

16. მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.

17. უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.

18. აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;

19. რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.

20. ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.

21. რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.

22. იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.