ძველი აღთქმა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 34 (35)

1. დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.

2. მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.

3. იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.

4. შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.

5. შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.

6. იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.

7. რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.

8. და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;

9. ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.

10. ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.

11. აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.

12. სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.

13. ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.

14. როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.

15. ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.

16. პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.

17. უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.

18. მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.

19. არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.

20. რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.

21. ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.

22. შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;

23. გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.

24. გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.

25. ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.

26. შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.

27. იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.

28. და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.