ძველი აღთქმა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 43 (44)

1. გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა მოძღვრება.

2. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში.

3. შენ შენი ხელით განდევნე ხალხები, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე.

4. ვინაიდან მათ ხმლით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე.

5. შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო; უბოძე შველა იაკობს.

6. შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ, ვინც აღდგება ჩვენს წინააღმდეგ.

7. რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის.

8. არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ.

9. ღმერთით ვტრაბახობდით ყოველდღე და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. სელა.

10. მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.

11. უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.

12. მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.

13. გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.

14. მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.

15. იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.

16. ყოველდღე ჩემი აუგი ჩემს წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს

17. შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.

18. ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა.

19. არ უკუქცეულან ჩვენი გულები და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი გზიდან.

20. როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სირცხვილის ჩრდილი.

21. ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისთვის,

22. განა ღმერთი არ გვაზღვევინებს ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა.

23. ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე, მივაჩნდით დასაკლავ ცხვრად.

24. გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო, გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ.

25. რატომ ფარავ შენს სახეს? ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას?

26. რადგან მეტისმეტად სულდამძიმებულნი ვართ, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი.

27. აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.