ძველი აღთქმა

ფსალმუნნი

ფსალმუნი 49 (50)

1. ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.

2. სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.

3. მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი.

4. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე:

5. შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე.

6. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. სელა.

7. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.

8. მსხვერპლისათვის კი არ გისაყვედურებ; შენი შესაწირავები ყოველთვის ჩემს წინაშეა.

9. არ შევიწირავ შენი სახლიდან ზვარაკს, არც შენი ფარეხებიდან ვაცებს.

10. რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.

11. ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემს წინაშე არიან.

12. თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.

13. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?

14. მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.

15. და მომიხმე მე გაჭირვების დღეს; გადაგარჩენ და შენ განმადიდებ.

16. ბოროტს კი უთხრა ღმერთმა: „რას ქადაგებ კანონებს და პირთან მიგაქვს ჩემი პირობა?

17. შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.

18. როცა ქურდს დაინახავ, მასთან გაიქცევი, და გარყვნილებთან გაქვს წილი.

19. პირი შენი მიშვებული გაქვს სიავეზე და შენი ენა თხზავს სიყალბეს.

20. დაჯდები და შენს ძმაზე ლაპარაკობ და დედაშენის შვილის შერცხვენას ცდილობ.

21. ეს ჩაიდინე შენ და მე გავჩუმდი; გეგონა, რომ მეც შენსავით ვარ; გამხილებ და შენს თვალწინ დაგიმტკიცებ.

22. ჩაუფიქრდით ამას, ღმერთის დამვიწყებლებო, თორემ მოგსრავთ და ვერვინ გიშველით.

23. მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.