1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
2. გაასამართლოს შენი ერი სიმართლით და შენი ღატაკნი - სამართლიანად.
3. მოუტანონ მთებმა მშვიდობა ერს და ბორცვებმა - სიმართლე.
4. გაასამართლოს ერის ღატაკნი, იხსნას შვილი ღარიბისა და დაჩაგროს მჩაგვრელი.
5. შენი შიში ექნებათ, ვიდრე მზე და მთვარეა, თაობიდან თაობამდე.
6. იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
7. მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
8. და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
9. მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
10. თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
11. და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
12. რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე.
13. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის.
14. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში.
15. იცოცხლებს და მისცემენ მას არაბეთის ოქროს და ილოცავენ მისთვის მუდამ, ყოველდღე აკურთხებენ მას.
16. იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე. მისი ნაყოფი იბიბინებს, ვითარცა ტყე ლიბანისა; აბიბინდებიან ქალაქებში, როგორც ბალახი დედამიწაზე.
17. მისი სახელი იქნება უკუნისამდე, ვიდრე მზე არსებობს, იბრწყინებს მისი სახელი, და იკურთხებიან მის მიერ, ყოველი ხალხი შენატრებს მას.
18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი, ღმერთი ისრაელისა, მარტოდ მოქმედი სასწაულისა.
19. და კურთხეულ არს სახელი მისი დიდებისა უკუნისამდე, და აივსება მისი დიდებით მთელი ქვეყნიერება. ამინ, ამინ!
20. დამთავრდა ლოცვანი დავითისა, იესეს ძისა.