ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეათე

1. უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან, რადგან ეს მე ვიყავი, გული რომ გავუქვავე ფარაონს და მის მორჩილებს, რომ მომეხდინა ეს ჩემი სასწაულები მათ ქვეყანაში,

2. რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილთაშვილისთვის, როგორ გავუსწორდი ეგვიპტეს და რა სასწაულები მოვუვლინე მას, რომ გცოდნოდათ, რომ უფალი ვარ.

3. მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: როდემდის უნდა მეურჩებოდე? გაუშვი ჩემი ერი, რომ მემსახურონ.

4. თუ კიდევ იურჩებ და არ გაუშვებ ჩემს ერს, ხვალვე კალიას მივუსევ შენს სამფლობელოს.

5. დაფარავს მიწის პირს და შეუძლებელი გახდება მიწის ხილვა; შეგიჭამთ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, ხეებს, მინდვრად რომ გეზრდებათ.

6. აავსებენ შენს სახლებს, შენს მორჩილთა სახლებს, ყველა ეგვიპტელის სახლს, - რასაც არ მოსწრებია შენი მამა-პაპა იმ დღიდან, რაც არსებობენ ამქვეყნად. გაბრუნდა მოსე და გავიდა ფარაონისგან.

7. უთხრეს ფარაონს მისმა მორჩილებმა: როდემდის ვითმინოთ ეს სატანჯველი? გაუშვი ეგ ხალხი და ემსახურონ თავიანთ უფალ ღმერთს. ვეღარ მიხვდი, რომ იღუპება ეგვიპტე?

8. დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრა მათ ფარაონმა: წადით და ემსახურეთ თქვენს უფალ ღმერთს. ვინ და ვინ წავა?

9. უთხრა მოსემ: ჩვენი ბავშვებითა და მოხუცებითურთ წავალთ. ჩვენი ქალ-ვაჟებითა და ცხვარ-ძროხითურთ წავალთ, რადგან საუფლო დღესასწაული გვაქვს.

10. უთხრა მათ ფარაონმა: ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებიანად გაგიშვათ. იცოდეთ, ბოროტს ეპირებით!

11. ასე არ იქნება. მხოლოდ მამაკაცები წადით და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ესწრაფით. და გაყარეს ისინი ფარაონისგან.

12. უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა.

13. მოუღერა კვერთხი მოსემ ეგვიპტის ქვეყანას და მოდენა უფალმა აღმოსავლეთის ქარი ქვეყნად; ქროდა ქარი მთელს დღესა და მთელს ღამეს. დადგა დილა და მოასია აღმოსავლეთის ქარმა კალია.

14. შეესია უთვალავი კალია ეგვიპტის ქვეყანას და მოეფინა მის ყოველ კუთხეს. არც მანამდე და არც მას მერე გამოჩენილა ამდენი კალია.

15. დაფარა მთელი მიწის პირი და გადაშავდა მიწა; გადაჭამა ქვეყნის მთელი ბალახი და ხის ყველა ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. არ შერჩენია სიმწვანე არც ხეს, არც მინდვრის ბალახს მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.

16. სასწრაფოდ მოუხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: ცოდვილი ვარ უფლის, თქვენი ღვთისა და თქვენს წინაშე.

17. ერთხელ კიდევ მომიტევეთ ცოდვა, შეევედრეთ თქვენს უფალ ღმერთს, ოღონდაც ამარიდოს ეს სიკვდილი.

18. გამოვიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.

19. შემოაქცია უფალმა აღმოსავლეთის ძლიერი ქარი და წაიღო ქარმა კალია და ჩაყარა მეწამულ ზღვაში. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მხარეში.

20. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელიანები.

21. უთხრა უფალმა მოსეს: ცისკენ შემართე ხელი და ჩამოწვება წყვდიადი ეგვიპტის ქვეყანაში, ხელით შესაგრძნობი წყვდიადი.

22. ცისკენ შემართა ხელი მოსემ და ჩამოწვა უკუნი წყვდიადი მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, და იდგა სამ დღეს.

23. ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, სამ დღეს არავინ დაძრულა ადგილიდან; ხოლო ისრაელიანებს სინათლე ჰქონდათ თავიანთ სამყოფელში.

24. უხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: წადით და ემსახურეთ უფალს, ოღონდ ცხვარ-ძროხა დარჩეს, ბავშვები კი თან წაიყოლეთ.

25. უთხრა მოსემ: შენც უნდა მოგვცე საკლავი და აღსავლენი, რომ ჩვენს უფალს, ღმერთს შევწიროთ.

26. ჩვენი საქონელიც უნდა წამოგვყვეს, ერთი ჩლიქიც არ უნდა დარჩეს; მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღვთისათვის. სანამ იქ არ მივსულვართ, არ ვიცით, როგორ უნდა ვემსახუროთ უფალს.

27. გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს და არ ინება მათი გაშვება ფარაონმა.

28. უთხრა ფარაონმა: მომწყდი თავიდან! ფრთხილად იყავი, თვალით აღარ დამენახო, თორემ იმდღესვვ მოკვდები, რა დღესაც დამენახვები.

29. მიუგო მოსემ: სწორს ამბობ: მეტს აღარ დაგენახვები.