ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეცამეტე

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2. წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.

3. უთხრა მოსემ ხალხს: გახსოვდეთ ეს დღე, რა დღესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანათ იქიდან უფალმა; საფუარიანი არაფერი ჭამოთ.

4. დღეს გამოდიხართ - გაზაფხულის თვეში.

5. როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.

6. შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, მეშვიდე დღეს საუფლო დღესასწაული გქონდეს.

7. ხმიადი შვიდ დღეს უნდა იჭამოს; არ გაიჩერო საფუარი შენს საზღვრებში.

8. ასე გამოუცხადე ამ დღეს შენს შვილს: ეს იმის გამოა, რაც გამიკეთა უფალმა, როცა ეგვიპტიდან გამოვდიოდი-თქო.

9. გქონდეს ნიშნად ხელზე და თვალებს შორის სამახსოვროდ, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეებში, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.

10. იცავდე ამ წესს მისთვის განკუთვნილ დროს, წლიდან წლამდე.

11. როცა მიგიყვანს უფალი ქანაანელთა ქვეყანაში, მოგცემს ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა შენ და შენს მამა-პაპას,

12. განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.

13. ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, კისერი გადაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილთა შორის გამოისყიდე.

14. როცა შეგეკითხება თავის დროზე შენი შვილი, ეს რა არისო? უთხარი, მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.

15. როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.

16. გქონდეს ხელზე ნიშნად და თვალებს შორის ბეჭდად, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.

17. როცა გაუშვა ფარაონმა ხალხი, არ წაუყვანია იგი უფალს ფილისტიმელთა ქვეყნის გზით, თუმცა მოკლე იყო ეს გზა. რადგან იფიქრა ღმერთმა, სინანულს არ შეეპყრო ხალხი ომის დანახვისას და ეგვიპტეში არ დაბრუნებულიყო.

18. შემოატარა ღმერთმა ხალხი უდაბნოს გავლით მეწამული ზღვისკენ; დარაზმულნი ამოვიდნენ ისრაელიანები ეგვიპტიდან.

19. თან წამოიღო მოსემ იოსების ძვლები, რადგან ფიცით ჰყავდა დაფიცებული იოსებს ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიყოლეთო აქედან ჩემი ძვლები.

20. დაიძრნენ სუქოთიდან და დაიბანაკეს ეთამში, უდაბნოს ბოლოს.

21. წინ მიუძღოდა მათ უფალი, დღისით ღრუბლის სვეტში გზის საჩვენებლად, ღამით ცეცხლის სვეტში გზის გასანათებლად, რათა ევლოთ დღითა და ღამით.

22. არ მიჰფარებია ხალხის თვალს დღისით ღრუბლის სვეტი და ღამით ცეცხლის სვეტი.