ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეთხუთმეტე

1. მაშინ უმღერეს მოსემ და ისრაელიანებმა ეს სიმღერა უფალს და ასე თქვეს: ვუმღერი უფალს, რადგან განდიდდა დიდად, ზღვაში გადაყარა ცხენი და მხედარი.

2. ჩემი ძალი და დიდებაა უფალი, მხსნელად მყავდა იგი; ჩემი ღმერთია და მას ვაქებ; მამაჩემის ღმერთია და მას ვადიდებ.

3. მეომარია უფალი, უფალია მისი სახელი.

4. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში.

5. მორევმა ჩაიხვია ისინი, ქვებივით ჩაიძირნენ ღურღუმელში.

6. შენი მარჯვენა, უფალო, განთქმულია ძალით; შენი მარჯვენა, უფალო, ლეწავს შენს მტრებს.

7. შენი უსაზომო დიდებით ამხობ შენს წინააღმდგომთ, გზავნი შენს რისხვას და ჩალასავით გადაბუგავ მათ.

8. შენი ნესტოების ქარით აზვირთდნენ წყლები, კედლად აღიმართნენ ზვირთები, შენივთდა მორევი შუაგულ ზღვაში.

9. თქვა მტერმა: დავედევნები, მივეწევი, გავიყოფ ნადავლს; ჯავრს ვიყრი მათზე, მახვილს ვიშიშვლებ და მუსრს გაავლებს მათ ჩემი ხელი.

10. სული შეუბერე და ზღვამ დაფარა ისინი; ტყვიასავით ჩაიძირნენ ბობოქარ წყლებში.

11. ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?

12. მოიღერე მარჯვენა და მიწამ ჩაყლაპა ისინი.

13. ატარე შენი მადლით ეს ხალხი და გამოიხსენი; მიიყვანე შენი ძლიერებით შენი სიწმიდის სამკვიდრებელში.

14. გაიგონეს ხალხებმა და შეძრწუნდნენ, აცახცახდნენ ფელაშეთის მკვიდრნი.

15. მაშინ შეშფოთდნენ ედომის მთავრები, მოაბის ბელადები შეიპყრო შიშმა; დაღონდნენ ქანაანის მკვიდრნი.

16. დაეცათ თავზარი შენი ძლიერი მკლავისაგან. ქვასავით იდუმონ ვიდრე ჩაივლიდეს, უფალო, შენი ერი, ვიდრე ჩაივლიდეს ეს ხალხი, შენ რომ დაიხსენი.

17. შეიყვანე და დააფუძნე იგი შენს სამკვიდრო მთაზე, იმ ადგილას, შენს დასავანებლად რომ შეჰქმენი, უფალო! იმ საწმიდარში, შენი ხელით რომ დაამყარე, მეუფევ!

18. იმეფებს უფალი უკუნითი უკუნისამდე!

19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.

20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

22. დაძრა მოსემ ისრაელი მეწამული ზღვიდან და გავიდნენ შურის უდაბნოში. სამ დღეს იარეს უდაბნოში და ვერ იპოვეს წყალი.

23. მიადგნენ მარას, მაგრამ მარაში წყალი ვერ დალიეს, მწარე იყო. ამიტომაც ეწოდება სახელად მარა (მწარე).

24. შესჩივლა ხალხმა მოსეს და უთხრა: რა დავლიოთ?

25. შეჰღაღადა მოსემ უფალს და დაანახვა უფალმა მორი. ჩააგდო იგი წყალში და გამტკნარდა წყალი. იქ დაუდგინა უფალმა ხალხს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა იგი.

26. თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.

27. მივიდნენ ელიმში. იქ იყო თორმეტი წყაროსთვალი და სამოცდაათი ფინიკის ხე. იქ დაიბანაკეს, წყლებთან.