ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეთექვსმეტე

1. დაიძრა ელიმით და ეგვიპტიდან გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის მთას შორის მდებარეობს.

2. შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში.

3. უთხრეს ისრაელიანებმა: ნეტავ უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით და გაძღომამდე ვჭამდით პურს! მოგვიყვანე ამ უდაბნოში, რომ შიმშილით ამოგვწყვიტო მთელი კრებული!

4. უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.

5. მეექვსე დღეს დაამზადებენ მოტანილს და იმაზე ორჯერ მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად აგროვებენ.

6. უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელიანს: საღამო ხანს გაიგებთ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან.

7. გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით?

8. თქვა მოსემ: საღამოხანს ხორცს მოგცემთ საჭმელად და დილით პურს გაძღომამდე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი ჩივილი, რომ ჩიოდით. ჩვენ ვინა ვართ? ჩვენ კი არა, უფალს შესჩიოდით.

9. უთხრა მოსემ აარონს: უთხარი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: წარუდექით უფალს, რადგან ისმინა მან თქვენი ჩივილი.

10. როდესაც ელაპარაკებოდა აარონი ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას, გაჰხედა უდაბნოს და, აჰა, გამოჩნდა ღრუბელში უფლის დიდება.

11. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:

12. ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

13. საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.

14. დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.

15. დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.

16. ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ.

17. ასე მოიქცნენ ისრაელიანები: შეაგროვეს, ვინ ბევრი, ვინ ცოტა.

18. არწყეს გომერით; არც ბევრის შემგროვებელს აღმოაჩნდა ზედმეტი და არც მცირეს შემგროვებელს კლებია რამე. თითოეულს იმდენი ჰქონდა შეგროვილი, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა.

19. უთხრა მათ მოსემ: დილისთვის არვინ მოიტოვოს ნარჩენები.

20. არ დაუჯერეს მოსეს. და დილისთვის მოიტოვეს ნარჩენები. გაუჩნდა მატლი და ამყრალდა, და გაურისხდა მათ მოსე.

21. აგროვებდნენ დილაობით რამდენიც სჭირდებოდათ საჭმელად; მზის მცხუნვარებაში კი დნებოდა.

22. მეექვსე დღეს ორჯერ მეტი შეაგროვეს პური, ორი გომერი თითო სულზე, მივიდნენ მოსესთან საზოგადოების თავკაცები და შეატყობინეს.

23. უთხრა მათ მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: ხვალ უქმეა. უფლის წმიდა შაბათი; რის გამოცხობასაც აპირებთ, გამოაცხვეთ, რის მოხარშვასაც აპირებთ, მოხარშეთ; რაც მოგრჩებათ, დილისთვის შეინახეთ.

24. მათაც მოიტოვეს დილამდე, როგორც ბრძანა მოსემ; არც ამყრალებულა და არც მატლი გასჩენია.

25. უთხრა მოსემ: დღეს ჭამეთ, რადგან დღეს უფლის შაბათია; ვერაფერს იპოვით დღეს ველზე.

26. ექვს დღეს აგროვეთ იგი; მეშვიდე დღეს კი შაბათია; არაფერი იქნება ამ დღეს.

27. გავიდნენ მეშვიდე დღეს ზოგიერთები შესაგროვებლად და ვერაფერი იპოვეს.

28. უთხრა უფალმა მოსეს: როდემდის უნდა მირღვევდეთ მცნებებს და სჯულდებებს?

29. გახსოვდეთ, შაბათი მოუცია თქვენთვის უფალს. ამიტომაც მოგცათ მან მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფი პური; დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე და არსად გახვიდეთ მეშვიდე დღეს.

30. და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს.

31. დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.

32. თქვა მოსემ: ასე აქვს ნაბრძანები უფალს: აავსე მანანით გომერი შესანახად თაობიდან თაობაში, რათა იხილონ პური, რომელსაც გაჭმევდით უდაბნოში, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.

33. უთხრა მოსემ აარონს: აიღე ერთი ბადია, ჩადე შიგ სრული გომერი მანანა და დადგი უფლის წინაშე თაობიდან თაობაში შესანახად.

34. დადგა აარონმა იგი შესანახად აღთქმის კიდობნის წინ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

35. ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.

36. გომერი კი ეფას მეათედია.