1. დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იპოვებოდა.
2. შესჩიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა: მოგვეცით სასმელი წყალი! უთხრა მათ მოსემ: რატომ მეჩხუბებით, რატომ სცდით უფალს?
3. ხალხს წყალი სწყუროდა. უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: რისთვისღა ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით დაგვხოცავდით ჩვენც, ჩვენს ბავშვებსაც და საქონელს?
4. ასე შეჰღაღადა მოსემ. უფალს: რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ.
5. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიარე ხალხის წინ, და თან ისრაელის უხუცესთაგანნი იახლე; ხელში გეჭიროს კვერთხი, რომელსაც სცემდი ნილოსს, და იარე.
6. მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
7. უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა ისრაელიანთა შუღლის გამო და იმის გამო, რომ უფალი გამოცადეს, როცა თქვეს: არის თუ არა ჩვენს შორის უფალი?
8. მოვიდა ყამალეკი და შეებრძოლა ისრაელს რეფიდიმში.
9. უთხრა მოსემ იესოს: გამოარჩიე კაცები და გადი ყამალეკთან საბრძოლველად. ხვალ ბორცვის თავზე ვიდგები და ღვთიური კვერთხი მეჭირება ხელში.
10. ისე მოიქცა იესო, როგორც უბრძანა მოსემ: წავიდა ყამალეკთან საბრძოლველად, ხოლო მოსე, აარონი და ხური ბორცვზე ავიდნენ.
11. როცა ხელს აღმართავდა მოსე, ძლევდა ისრაელი. როცა დაუშვებდა ხელს, ყამალეკი ძლევდა.
12. დაუმძიმდა ხელები მოსეს; მოუტანეს ქვა, ქვეშ დაუდეს და ჩამოჯდა ქვაზე მოსე. ხოლო აარონსა და ხურს მისი ხელები ეჭირათ, ერთს ერთი მხრიდან, მეორეს მეორე მხრიდან. არ ჩამოშვებია ხელები მზის ჩასვლამდე.
13. სძლია იესომ ყამალეკს და მის ხალხს მახვილით.
14. უთხრა უფალმა მოსეს: სამახსოვროდ ჩასწერე ეს წიგნში და ჩააგონე იესოს, რომ აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცისქვეშეთიდან.
15. ააგო მოსემ სამსხვერპლო და უწოდა სახელად ადონაი-ნისი (უფალი - ალამი ჩემი).
16. თქვა: რადგან ხელი უფლის ტახტზეა: ომი აქვს უფალს ყამალეკთან თაობიდან თაობამდე.