ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეორე

1. წავიდა ლევის ტომის კაცი და ითხოვა ცოლად ასული ლევის ტომიდან.

2. დაორსულდა ქალი და შვა ვაჟი; დაინახა, რომ კარგი იყო, და სამ თვეს მალავდა.

3. როცა დამალვა ვეღარ შეძლო, აიღო ლერწმის კიდობანი, შეგოზა ფისითა და კუპრით, ჩასვა შიგ ბავშვი და დადო ლელიანში ნილოსის ნაპირას.

4. ხოლო ბავშვის და მოშორებით დადგა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა.

5. ჩავიდა ფარაონის ასული ნილოსზე საბანაოდ, მისი მხევლები კი ნილოსის პირას მიმოდიოდნენ. დაინახა ლელიანში კიდობანი. გაგზავნა მხევალი და მოატანინა.

6. გახსნა და ნახა შიგ ბავშვი; აჰა, ტირის ბიჭი, შეეცოდა და თქვა ებრაელის ბავშვი იქნება.

7. უთხრა ბავშვის დამ ფარაონის ასულს: ხომ არ წავიდე და ებრაელი ქალი მოვიყვანო ძიძად? ძუძუს მოგიწოვებს მაგ ბავშვს.

8. უთხრა ფარაონის ასულმა: წადი. წავიდა ყმაწვილი ქალი და დაუძახა ბავშვის დედას.

9. უთხრა მას ფარაონის ასულმა: წაიყვანე ეს ბაეშვი და ძუძუ მიწოვე; გასამრჯელოს მოგცემ. წაიყვანა ქალმა ბავშვი და აწოვებდა ძუძუს.

10. წამოიზარდა ბავშვი და მიუყვანა ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა, და დაარქვა სახელად მოსე. თქვა: რადგან წყლიდან მყავს ამოყვანილი.

11. როცა გაიზარდა მოსე, მივიდა თვისტომებთან და ნახა მათი მძიმე შრომა. ხედავს, სცემს ეგვიპტელი კაცი ერთ ებრაელს, მის თვისტომთაგანს.

12. მიიხედ-მოიხედა და როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა.

13. გამოვიდა მეორე დღეს და ხედავს, ორი ებრაელი ეჩხუბება ერთმანეთს. უთხრა დამნაშავეს: რად სცემ შენიანს?

14. მიუგო: ვინ დაგაყენა ჩვენს თავკაცად და მსაჯულად? ჩემს მოკვლასაც ხომ არ აპირებ, როგორც ის ეგვიპტელი მოკალი? შეეშინდა მოსეს და თქვა: ნამდვილად გამჟღავნებულა ამბავი.

15. შეიტყო ფარაონმა ამბავი და მოსაკლავად ეძებდა მოსეს. მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანის ქვეყანაში გაჩერდა; დაჯდა იქ ერთ ჭასთან.

16. შვიდი ასული ჰყავდა მიდიანელ მღვდელს. მოსულიყვნენ და წყალს იღებდნენ, ავსებდნენ გეჯებს მამისეული ფარის დასარწყულებლად.

17. მოვიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე და გამოესარჩლა მათ, დაურწყულა კიდეც ფარა.

18. მივიდნენ ქალები რეღუელთან, თავიანთ მამასთან. უთხრა მამამ: რატომ მოხვედით დღეს ასე ადრე?

19. უთხრეს: ერთმა ეგვიპტელმა კაცმა მწყემსებისგან დაგვიცვა, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა.

20. უთხრა თავის ასულებს: სად არის? რატომ მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, პური ვაჭამოთ.

21. გადაწყვიტა მოსემ ამ კაცთან დარჩენა, და მიათხოვა კაცმა მოსეს თავისი ასული, ციფორა, ცოლად.

22. შვა ქალმა ვაჟი და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: მდგმურად ვიყავი უცხო ქვეყანაში.

23. გამოხდა მრავალი ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე. აკვნესდნენ მძიმე შრომისაგან ისრაელიანები, გაჰკიოდნენ და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.

24. მოესმა ღმერთს მათი კვნესა და გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა.

25. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს და იცნო ღმერთმა ისინი.