ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეოცე

1. თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:

2. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.

4. არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ.

5. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

6. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.

7. არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.

8. გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი.

9. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები;

10. მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს.

11. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

12. პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

13. არა კლა.

14. არ იმრუშო.

15. არ იქურდო.

16. არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.

17. არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან.

18. ხედავდა მთელი ერი ჭექა-ქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა.

19. უთხრეს მოსეს: შენ გველაპარაკე და მოგისმენთ; ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით.

20. უთხრა მოსემ ხალხს: ნუ გეშინიათ, თქვენს გამოსაცდელად მოვიდა ღმერთი, რომ მისი შიში გქონდეთ და არ შესცოდოთ.

21. მოშორებით იდგა ხალხი, ხოლო მოსე მიადგა ნისლს, სადაც ღმერთი იყო.

22. უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: თქვენ დაინახეთ, როგორ გელაპარაკებოდათ ციდან.

23. ნუ გაიკეთებთ ვერცხლისა და ოქროს კერპებს.

24. მიწისგან გამიკეთე სამსხვერპლო და იქ შემომწირე აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, თქვენი ცხვარი და ძროხა. ყოველ ადგილას, სადაც კი დავთქვამ ჩემი სახელის ხსენებას, გამოგეცხადები და დაგლოცავ.

25. თუ ქვის სამსხვერპლოს გამიკეთებ, თლილი ქვისაგან არ ააშენო, რადგან მოუღერებ თუ არა კვერს, წაიბილწება იგი.

26. საფეხურებით ნუ ახვალ ჩემს სამსხვერპლოზე, რომ არ გამოჩნდეს იქ შენი სიშიშვლე.