ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამესამე

1. ცრუ ხმები არ დაყარო, ბოროტმოქმედს არ დაუჭირო მხარი ცრუ მოწმობით.

2. უმრავლესობას ნუ აჰყვები ბოროტ საქმეში, ნუ გადაიხრები უმრავლესობისაკენ და ნუ გაამრუდებ სამარალს.

3. შეღავათს ნუ გაუწევ გაჭირვებულს მის სადავო საქმეში.

4. თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან სახედარს წააწყდები სადმე, დაუბრუნე პატრონს.

5. თუ შენი მტრის სახედარს ტვირთის ქვეშ მოყოლილს დაინახავ, ნუ მიატოვებ, გამოხსნაში დაეხმარე.

6. ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.

7. ერიდე სიცრუეს; უდანაშაულოს და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან ბოროტმოქმედს არ გავამართლებ.

8. ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.

9. მდგმურს ნუ შეავიწროვებ; თავად იცით მდგმურის ყოფა, რადგან მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.

10. ექვს წელიწადს თესე მიწა და აიღე მისი მოსავალი.

11. მეშვიდე წელს არ დაამუშავო, მიაგდე იგი, რომ საზრდო ჰქონდეთ შენი ერის ღარიბ-ღატაკებს, და რომ მისი ნარჩენები გარეულმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.

12. ექვს დღეს აკეთე შენი საქმეები, ხოლო მეშვიდე დღეს იუქმე, რათა შეისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, სული მოითქვან შენი მხევლის შვილმა და მდგმურმა.

13. რაც გითხარით, ყველაფერი დაიცავით; სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, არ დასცდეს თქვენს ბაგებს.

14. სამჯერ გამიმართე დღესასწაული წელიწადში.

15. უფუარობის დღესასწაული დაიცავი: შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, განკუთვნილ დროს, აბიბის თვეში, როგორც გიბრძანე, რადგან ამ დროს გამოხვედი ეგვიპტიდან. ხელცარიელი არავინ მეჩვენოს.

16. იზეიმე დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მოწევისა, რაც კი ყანაში დაგითესავს; და დღესასწაული კრეფისა წლის დამლევს, როცა შეუდგები ყანაში შენი ნამუშაკევის აკრეფას.

17. წელიწადში სამჯერ ეჩვენოს უფალ ღმერთს ყოველი მამაკაცი.

18. საფუარზე არ დაგეღვაროს ჩემი საკლავის სისხლი, არ დარჩეს დილამდე ჩემი სადღესასწაულო ცხიმი.

19. შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში; არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.

20. აჰა, წაგიმძღვარებ ანგელოზს, რომ გიფარვდეს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილას, რომელიც შენთვის გავამზადე.

21. უფრთხილდი, ისმინე მისი სიტყვა, ნუ გააჯავრებ, არ გაპატიებთ შეცოდებას, რადგან მასშია ჩემი ხელი.

22. თუ დაუჯერებ და ყველაფერს აღასრულებ, რასაც გეუბნები, მტრად მოვეკიდები შენს მტრებს და შევავიწროვებ შენს შემავიწროებლებს.

23. როდესაც წაგიძღვება ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხივიელებთან, იებუსეველებთან და მე მოვსპობ მათ,

24. თაყვანი არა სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ აკეთო მათებური საქმეები, არამედ ჩაშალე ისინი და დალეწე მათი სვეტები.

25. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს და გიკურთხებთ იგი პურსა და წყალს. არ გავაჭაჭანებ სნეულებას თქვენს შორის.

26. არ იქნება შენს ქვეყანაში მუცელმომწყდარი და ბერწი; ავავსებ შენი სიცოცხლის დღეებს.

27. წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშსა და ზარს, შევაძრწუნებ ყოველ ხალხს, ვისთანაც კი მიხვალ. ზურგს შევაქცევინებ შენთვის შენს მტრებს.

28. კრაზანებს გავგზავნი თქვენს წინ და მოგაშორებენ ისინი ხივიელებს, ქანაანელებს და ხეთელებს.

29. არ მოგაშორებ მათ ერთ წელიწადს, რომ არ გაუკაცრიელდეს ქვეყანა და არ მოგეძალონ გარეული მხეცები.

30. თანდათანობით მოგაშორებ მათ, რომ მოასწრო გამრავლება და დაიმკვიდრო ქვეყანა.

31. დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.

32. ნუ შეეკვრები ნურც მათ და ნურც მათ ღმერთებს.

33. არ უნდა იმკვიდრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ ცოდვა არ ჩაგადენინონ ჩემს მიმართ, რადგან თუ ემსახურე მათ ღმერთებს, მახეში გაებმები.