ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეოთხე

1. უთხრა მოსეს: ადით უფალთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელის სამოცდაათი უხუცესი, და შორიდან ეცით თაყვანი.

2. მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს უფალს, დანარჩენები არ მიუახლოვდნენ; ხალხი არ ავიდეს მასთან ერთად.

3. მივიდა მოსე და შეატყობინა ხალხს უფლის ნათქვამი, და ყველა სჯულდება; ერთხმად უპასუხა ხალხმა და უთხრა: ყველაფერს შევასრულებთ, რაც უბრძანებია უფალს.

4. დაწერა მოსემ უფლის სიტყვები; ადგა დილაადრიანად და აღმართა მთის ძირას სამსხვერპლო და თორმეტი სვეტი ისრაელის თორმეტი შტოს მიხედვით.

5. გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად.

6. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა.

7. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს, თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს.

8. აიღო მოსემ სისხლი და მიასხურა ხალხს, თქვა: აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე.

9. ავიდნენ მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ და ისრაელიანთა სამოცდაათი უხუცესი.

10. იხილეს მათ ისრაელის ღმერთი; მის ფერხთით იყო რაღაც მსგავსი საფირონის ქვაფენილისა, სუფთა როგორც თავად ზეცა.

11. ისრაელიანთა თავკაცებზე არ აღუმართავს ხელი; ხედავდნენ ღმერთს, ჭამდნენ და სვამდნენ.

12. უთხრა უფალმა მოსეს: ამოდი ჩემთან მთაზე და აქ იყავი; მოგცემ ფიქალებს - რჯულსა და მცნებებს, მათ დასამოძღვრად რომ დავწერე.

13. ადგა მოსე და მისი მსახური იესო, და ავიდა მოსე ღვთის მთაზე.

14. ხოლო უხუცესებს უთხრა: აქ იყავით, ვიდრე თქვენთან მოვბრუნდებით; აჰა, თქვენთან იქნებიან აარონი და ხური. თუ ვისმე რამე საქმე გაუჩნდა, მათ მიაკითხოს.

15. ავიდა მოსე მთაზე და დაფარა ღრუბელმა მთა.

16. მოეფინა უფლის დიდება სინაის მთას. ექვს დღეს ეფარა მას ღრუბელი და მეშვიდე დღეს მოუწოდა უფალმა ღრუბლიდან.

17. გამოჩნდა უფლის დიდება მოგიზგიზე ცეცხლივით ისრაელიანთა თვალწინ.

18. შევიდა მოსე ღრუბელში და ავიდა მთაზე. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იყო მოსე მთაზე.