ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეხუთე

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2. უთხარი ისრაელიანებს, შესაწირავი ამიკრიფონ. ყველასგან, ვისაც გული უთქვამს, ამიკრიფეთ შესაწირავი.

3. აი, შესაწირავი, რომელიც უნდა აკრიფოთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

4. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლი, სელი და თხისური.

5. დათრიმლული ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები.

6. გასანათებელი ზეთი და სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის.

7. სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.

8. გამიკეთონ საწმიდარი, რომ დავივანო მათ შორის.

9. როგორც მე გაჩვენებთ სავანის სახეს და მთელი მისი მოწყობილობის სახეს, იმგვარად გააკეთეთ ყველაფერი.

10. გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.

11. ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.

12. ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.

13. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.

14. კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.

15. კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.

16. ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ.

17. გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.

18. ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.

19. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.

20. თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.

21. ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ.

22. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.

23. გააკეთებ ტაბლას ურთხელისგან: სიგრძე ორი წყრთა იქნება, სიგანე - ერთი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.

24. წმიდა ოქროთი მოჭედავ მას და ირგვლივ ოქროს გვირგვინს შემოავლებ.

25. ერთი მტკაველი სიმაღლის კედელი გაუკეთე ირგვლივ და ოქროს გვირგვინი შემოავლე კედელს.

26. ოთხი ოქროს რგოლი გაუკეთე და ოთხსავე კიდეზე ოთხსავე ფეხთან მიუმაგრე.

27. კეტების გასაყრელად უნდა იყოს რგოლები კედლებზე, ტაბლის ტარება რომ შეიძლებოდეს.

28. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე; მათი მეშვეობით ატარონ ტაბლა.

29. გააკეთე მისთვის თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი სამწდეოები; ხალასი ოქროსგან გააკეთე.

30. მუდამ გეწყოს ტაბლაზე ჩემს წინაშე დასადებელი პური.

31. გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან; ნაჭედი უნდა იყოს სასანთლე; მისი ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები გამობურცული უნდა იყოს.

32. ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან: სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან.

33. სამი ნუშისებური ჯამი ერთ რტოზე, კვირტი და ყვავილი; სამი ნუშისებური ჯამი მეორე რტოზე, კვირტი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.

34. სასანთლის ღეროზე კი ოთხი ნუშისებური ჯამი, თავ-თავისი კვირტებითა და ყვავილებით.

35. ერთი კვირტი ორ რტოს ქვეშ, ერთი კვირტი კიდევ ორ რტოს ქვეშ, და ერთი კვირტიც კიდევ ორ რტოს ქვეშ, ექვსსავე რტოს ქვეშ, რომლებიც სასანთლის ღეროდან გამოდიან.

36. მათი კვირტები და რტოები ერთიანი უნდა იყიოს. ერთიანად უნდა იყოს ნაჭედი მთლიანი ხალასი ოქროსაგან.

37. გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად.

38. მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან გააკეთე.

39. ერთი ქანქარი ხალასი ოქროსაგან გააკეთონ იგი მთელი ამ მოწყობილობითურთ.

40. იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე.