1. მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
2. გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს, ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის მაყვლის ბუჩქი.
3. თქვა მოსემ: მივალ და ვნახავ ამ დიდებულ სანახავს, რატომ არ იწვის მაყვლოვანი.
4. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა ღმერთმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ.
5. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.
6. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა.
7. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი,
8. ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში.
9. აჰა, მოაწია ჩემამდე ისრაელიანთა ღაღადმა და ვიხილე მათი ჩაგვრა, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.
10. ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები.
11. უთხრა მოსემ ღმერთს: მე ვინ ვარ, ფარაონთან რომ წავიდე და გამოვიყვანო ისრაელიანები ეგვიპტიდან?
12. უთხრა: მე ვიქნები შენთან. ეს გქონდეს იმის ნიშნად, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: როცა ეგვიპტიდან გამოიყვან ჩემს ერს, თაყვანი ეცით ღმერთს ამ მთაზე.
13. უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?
14. უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ მგზავნის თქვენთან.
15. კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: ასე უთხარი ისრაელიანებს: უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა, იაკობის ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე.
16. წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი, გამომეცხადა, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი და იაკობის ღმერთი, და მითხრა: მოგხედავთ თქვენ და თქვენს გასაჭირს ეგვიპტეში.
17. ვთქვი: გამოგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან და წაგიყვანთ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ხივიელთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება რძე და თაფლი.
18. ერწმუნებიან შენს სიტყვას და მიხვალ ისრაელის უხუცესებითურთ ეგვიპტის მეფესთან; ეტყვით: უფალი, ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. ახლა უდაბნოში გავალთ სამი დღის სავალზე, რომ მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს.
19. ვიცი, არ გაგიშვებთ ეგვიპტის მეფე, თუ მაგარმა ხელმა არ აიძულა.
20. მოვიღერებ ხელს და დავსჯი ეგვიპტეს მთელი ჩემი სასწაულებით, რომლებსაც მოვახდენ მის შუაგულში. მხოლოდ ამის შემდეგ გაგიშვებთ იგი.
21. მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში ამ ხალხს და როცა წასვლის დრო დაგიდგებათ, ხელცარიელი არ წახვალთ.
22. ინათხოვრებს თქვენი დედაკაცი თავის მეზობლისგან და თავისი მდგმურისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელს, სამოსელს და აჰკიდებთ თქვენს ვაჟებსა და ასულებს. ასე გაეცლებით ეგვიპტეს.