ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეათე

1. გააკეთე სამსხვერპლო საკმევად; ურთხელისგან გააკეთე იგი.

2. სიგრძით ერთი წყრთა და სიგანით ერთი წყრთა; ოთხკუთხედი უნდა იყოს; სიმაღლე ორი წყრთა ჰქონდეს, რქები უნდა გამოდიოდეს მისგან.

3. ხალასი ოქროთი მოჭედე იგი, მისი სახურავი, გარშემო კედლები და რქები. ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.

4. ორი ოქროს რგოლი გაუკეთე გვირგვინს ქვემოთ ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს გაუკეთე. კეტების გასაყრელად იყოს, რომ მისი ტარება შეიძლებოდეს.

5. კეტები ურთხელისგან გააკეთე და ოქროთი მოჭედე.

6. დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით.

7. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს.

8. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყოს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში.

9. ნუ დასდებთ მასზე უცხო საკმეველს, ნურც აღსავღენს, ნურც ფქვილს; ნურც საღვრელს ნუ დაღვრით მასზე.

10. შეასრულებს აარონი მიტევების წესს მის რქებზე წელიწადში ერთხელ; ცოდვის მისატევებელი მსხვერპლის სისხლით შეასრულებს მიტევების წესს წელიწადში ერთხელ თაობიდან თაობაში. წმიდათა წმიდა არის ეს უფლისათვის.

11. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

12. როცა შეუდგება ისრაელიანთა აღრიცხვას მათი სათვალავის გასაგებად, გადაუხადოს თითოეულმა აღრიცხვის დროს თავისი სულის გამოსასყიდი უფალს, რომ ჟამი არ მოედოთ აღრიცხვისას.

13. ეს უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც სათვალავში გადის: ნახევარი შეკელი საღვთო შეკელის მიხედვით: ოცი გერაა შეკელში; ნახევარი შეკელი საუფლო ძღვენია.

14. ყველამ, ვინც კი სათვალავში გადის, ოცი წლის ასაკიდან მოყოლებული, ძღვენი უნდა მიართვას უფალს.

15. მდიდარმა არ უნდა გადაამეტოს და ღარიბმა არ უნდა დააკლოს ნახევარ შეკელს, რასაც უფალს აძლევთ ძღვნად თქვენი სულის გამოსასყიდად.

16. აკრიფე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელიანთაგან და გაეცი სადღესასწაულო კარვის სამსახურისთვის. იყოს სამახსოვროდ ისრაელიანთათვის უფლის წინაშე თქვენი სულის გამოსასყიდად.

17. ასე უთხრა უფალმა მოსეს.

18. გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად; დადგი იგი სადღესასწაულო კარავსა და სამსხვერბლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ.

19. ამ საბანელში განიბანონ აარონმა და მისმა შვილებმა ხელები და ფეხები.

20. წყლით განიბანონ სადღესასწაულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ. ან მაშინ, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ სამსახურის აღსასრულებლად, უფლისადმი საცეცხლო მსხვერპლის საკმევად.

21. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. სამარადისო წესად ჰქონდეთ ეს მას და მის შთამომავლობას, თაობიდან თაობაში.

22. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

23. აიღე საუკეთესო ნელსურნელებანი: ხუთასი შეკელი სუფთა მური, ამის ნახევარი - ორასორმოცდაათი სურნელოვანი დარიჩინი, ორასორმოცდაათი სურნელოვანი ლერწამი,

24. ხუთასი შეკელი კასია საღვთო შეკელის მიხედვით, და ერთი ჰინი ზეთისხილის ზეთი.

25. დაამზადე ყოველივე ამისგან წმიდა მირონი, შეზავებული მენელსაცხებელთა ხელოვნებით. წმიდა მირონი იქნება ეს.

26. სცხე ეს სადღესასწაულო კარავს და მოწმობის კიდობანს.

27. ტაბლას და მთელს მის ჭურჭელს, ლამპარს და მთელს მის ჭურჭელს, საკმევლის სამსხვერპლოს,

28. აღსავლენის სამსხვერპლოს და მთელს მის ჭურჭელს, საბანელს და მის კვარცხლბეკს.

29. განწმიდე ისინი და წმიდათა წმიდა გახდება ყველაფერი; წმიდა გახდება ყველა, ვინც კი მათ შეეხება

30. სცხე აარონს და მის შვილებს და განწმიდე ისინი რომ მღვდლობა გამიწიონ მე.

31. ისრაელიანებს ასე უთხარი: ეს მექნება წმიდა მირონად თაობიდან თაობაში.

32. გარეშე კაცის სხეულს არ უნდა ეცხოს იგი, ნურც მის მსგავს ნაზავს დაამზადებთ სახმარად, რადგან სიწმიდეა იგი; სიწმიდე უნდა იყოს თქვენთვის.

33. ვინც ამის მსგავს რასმე შეაზავებს და ვინც გარეშე კაცს სცხებს მათ, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

34. უთხრა უფალმა მოსეს: აიღე სურნელებანი: შტახსი, ონიქსი, სურნელოვანი ხელბანა და სუფთა ლებონა, თანაბრად.

35. დაამზადე მისგან სასაკმევლე ნაზავი მენელსაცხებელთა ხელოვნებით აზელილი, სუფთა, წმიდა.

36. წვრილად დანაყე და დადევი მოწმობის კიდობნის წინ სადღესასწაულო კარავში, სადაც მე გამოგეცხადებით. წმიდათა წმიდა იყოს ეს თქვენთვის.

37. არ დაამზადოთ ამგვარად შეზავებული საკმეველი მოსახმარად. სიწმიდედ გქონდეს იგი უფლისათვის.

38. ვინც ამის მსგავსს დაამზადებს საყნოსავად, მოიკვეთება თავისი ხალხიდან.