ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეთერთმეტე

1. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

2. აჰა, მოვუწოდე სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან,

3. და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით,

4. რომ შეეძლოს ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის დამუშავება,

5. მოსაოჭველი თვლების გათლა, ხის კვეთა ხელოვნურ ნივთთა დასამზადებლად.

6. აჰა, მივუჩინე მას ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან და სიბრძნე ჩავუდევი ყოველ ბრძენკაცს გულში, რათა ყველაფერი გააკეთონ, რაც გიბრძანე.

7. სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი,

8. ტაბლა და მისი ჭურჭელი, წმიდა ლამპარი და ყველა მისი ჭურჭელი, საკმევლის სამსხვერპლო,

9. აღსავლენის სამსხვერპლო და ყველა მისი ჭურჭელი საბანელი თავისი კვარცხლბეკითურთ,

10. საწესო შესამოსელი, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი,

11. მირონი და სურნელოვანი საკმეველი საწმიდარისთვის - ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე გიბრძანე.

12. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

13. ასე გამოუცხადე ისრაელიანებს: დაიცავით ჩემი შაბათები, რადგან ეს იქნება ნიშანი ჩვენს შორის თაობიდან თაობაში იმის საცოდნელად, რომ მე ვარ უფალი, თქვენი განმწმედელი.

14. დაიცავით შაბათი, რადგან წმიდაა იგი თქვენთვის მისი შემბღალავი უნდა მოკვდეს; შაბათობით მოსაქმე უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.

15. ექვს დღეს აკეთონ საქმე, მეშვიდე დღეს საუქმო შაბათია, უფლისათვის წმიდა. ყველა, ვინც კი შაბათ დღეს საქმეს გააკეთებს, უნდა მოკვდეს.

16. დაიცვან ისრაელიანებმა შაბათი, რათა უქმობდნენ შაბათს თაობიდან თაობაში. სამარადისოა ეს აღთქმა;

17. ეს იყოს სამარადისო ნიშნად ჩემსა და ისრაელანებს შორის, რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, მეშვიდე დღეს კი იუქმა და დაისვენა.

18. მისცა მოსეს უფალმა, როცა შეწყვიტა მასთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მოწმობის ორი დაფა, ღვთის თითით ნაწერი ფიქალები.