ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეთორმეტე

1. დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას, თავი მოიყარეს აარონთან და უთხრეს მას: ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც წინ მიგვიძღოდნენ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.

2. უთხრა მათ აარონმა: დახსენით ოქროს საყურეები თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და აქ მომიტანეთ.

3. დაიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები ყურებიდან და მიუტანა აარონს.

4. გამოართვა აარონმა, საჭრეთელით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.

5. ეს რომ დაინახა აარონმა, სამსხვერპლო ააგო მის წინ. გამოაცხადა აარონმა და თქვა: საუფლო დღესასწაულია ხვალ!

6. მეორე დღეს დილაადრიანად ადგნენ და შესწირეს აღსავლენი და მიიტანეს სამადლობელი მსხვერპლი. დასხდა ხალხი საჭმელად და სასმელად. მერე ადგნენ და ცეკვა-თამაში გამართეს.

7. უთხრა უფალმა მოსეს: ძირს ჩადი, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე.

8. მალე გადაუხვიეს გზიდან, რომელიც დავუდგინე. ჩამოასხეს ხბო, თაყვანს სცემენ მას და მსხვერპლს სწირავენ. ამბობენ: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს.

9. უთხრა უფალმა მოსეს: ვხედავ ამ ხალხს, თვითრჯული ყოფილა ეს ხალხი.

10. ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.

11. ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.

12. რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.

13. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.

14. გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.

15. პირი იბრუნა მოსემ და ჩამოვიდა მთიდან, ხელში აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა, ორსავე მხარეს ნაწერი ფიქალები. აქეთაც და იქითაც წარწერები იყო.

16. ღვთის ნაკეთები იყო ეს ფიქალები, წარწერაც ღვთისა იყო, ფიქალებზე ამოკვეთილი.

17. მოესმა იესოს ხალხის ხმაური და უთხრა მოსეს: საომარი ყიჟინაა ბანაკში.

18. თქვა მოსემ: ეს არც გამარჯვების ყიჟინაა და არც დამარცხების ზარი, არამედ სიმღერის ხმები მესმის.

19. როგორც კი მიუახლოვდა ბანაკს და დაინახა ხბო და როკვა, რისხვით აღინთო მოსე და ხელიდან გააგდო ფიქალები და მიამსხვრია მთის ძირას.

20. აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, მტვრად აქცია, წყალს მოაფრქვია და ისრაელიანებს შეასვა.

21. უთხრა მოსემ აარონს: რა დაგიშავა ამ ხალხმა, ასეთ დიდ ცოდვაში რომ ჩააგდე.

22. უთხრა აარონმა: რისხვით ნუ აინთება ჩემი ბატონი. შენც იცი, რომ ბოროტებისკენ არის მიდრეკილი ეს ხალხი.

23. მითხრეს: გაგვიკეთე ღმერთები, რომლებიც მიგვიძღოდნენ წინ, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ მოსეს, კაცს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა.

24. მე ვკითხე: ვისა გაქვთ ოქრო? მათაც მოიხსნეს და მე ჩამაბარეს; ცეცხლში ჩავყარე და ეს ხბო გამოვიდა.

25. დაინახა მოსემ, რომ გახელებული იყო ეს ხალხი, რომ გაახელა იგი აარონმა მისი მტრებისგან ყბადასაღებად.

26. ჩადგა მოსე ბანაკის ჭიშკარში და თქვა: ვინც უფლისაა, ჩემთან! და შეგროვდნენ მასთან ლევიანები.

27. უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი.

28. მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, სამი ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.

29. თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე.

30. მეორე დღეს უთხრა მოსემ ხალხს: დიდი ცოდვა გაქვთ ჩადენილი. ახლა ავალ უფალთან, ვინძლო ვაპატიებინო თქვენთვის ეს ცოდვა.

31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.

32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.

33. უთხრა უფალმა მოსეს: ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.

34. ახლა წადი და წაიყვანე ხალხი, სადაც გითხარი. აჰა, ჩემი ანგელოზი წაგიძღვება წინ. განკითხვის დღეს მოვკითხავ მათ ცოდვებს.

35. დასაჯა ხალხი უფალმა იმის გამო, რომ გააკეთეს ხბო, რომელიც აარონმა გააკეთა.