ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეთოთხმეტე

1. უთხრა უფალმა მოსეს: გამოთალე იმ პირველთა მსგავსი ორი ფიქალი, და მე დავწერ ფიქალებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ ფიქალებზე, შენ რომ დაამსხვრიე.

2. მზად იყავ დილისათვის; დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის წვერზე დამიდგები.

3. კაციშვილი არ ამოგყვეს, კაციშვილი არ გამოჩნდეს მთაზე, არც ცხვარი, არც ძროხა არ უნდა ძოვდეს ამ მთის წინ.

4. გამოთალა მოსემ ორი ფიქალი, იმ პირველთა მსგავსი, ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უბრძანა უფალმა. ორი ფიქალი ეჭირა ხელში.

5. ჩამოვიდა უფალი ღრუბელში. დადგა მოსე იქ, მის ახლოს, და ახსენა უფლის სახელი.

6. ჩაიარა უფალმა მის წინ და შეჰღაღადა მოსემ: უფალო, უფალო! ღმერთო მწყალობელო და შემბრალებელო, სულგრძელო, დიდმადლიანო და ჭეშმარიტო.

7. შემნახავო სიყვარულისა ათასთა მიმართ, დანაშაულთა, ცოდვათა და ბრალთა მიმტევებელო და შურისმგებელო, მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილთაშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში.

8. იმწამსვე მიწად დაიხარა მოსე და თაყვანი სცა.

9. თქვა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, ჩემო მეუფევ, ჩვენს შორის იაროს ჩემმა მეუფემ, რადგან თვითრჯულია ეს ხალხი. შეგვინდე დანაშაული და შეცოდება და შენს სამკვიდროდ გაგვხადე.

10. თქვა უფალმა: აჰა, ვდებ აღთქმას: მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, როგორის არცერთ ქვეყანაში და არცერთ ხალხში არ მომხდარა. დაინახავს მთელი ხალხი, რომლის წიაღშიც იმყოფები, თუ რა საშინელია ის საქმე, რომელსაც უფალი გიყოფს.

11. დაიხსომე, რასაც ახლა გიბრძანებ. აჰა, ავყრი თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხივიელებს და იებუსეველებს.

12. გაფრთხილდი, არ შეკრა იმ ქვეყნის მცხოვრებთან, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება.

13. დალეწეთ მათი სამსხვერპლოები, გაანადგურეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.

14. რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი.

15. ნუ შეკრავ კავშირს ქვეყნის მოსახლეობასთან, მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთების კვალზე და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს; შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს.

16. მოიყვან მათ ქალებს შენი ვაჟებისთვის; მიეცემიან გარყვნილებას მათი ქალები თავიანთი ღმერთების კვალზე და გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.

17. ნუ შეიქმნი კერპებს.

18. დაიცავი უფუარობის დღესასწაული, შვიდ დღეს ჭამე უფუარი ხმიადები, როგორც ნაბრძანები მაქვს, დათქმულ დროს, აბიბის თვეში, რადგან აბიბის თვეში გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან.

19. ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.

20. საშოს გამღები სახედარი ცხვრით გამოისყიდე; თუ არ გამოისყიდი, ქედი ჩაუმტვრიე. ყოველი პირმშო შენს შვილებში გამოისყიდე. ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი.

21. ექვს დღეს იმუშავე, მეშვიდე დღეს დაისვენე; ხვნისას და მკისას შეისვენე.

22. შვიდეულის დღესასწაული იზეიმე, პირველმოწეული ხორბლისა და რთველის დღესასწაული წლიდან წლამდე.

23. წელიწადში სამგზის უნდა ეჩვენოს ყოველი შენი მამროვანი მეუფეს, უფალს, ისრაელის ღმერთს.

24. როცა ავყრი ხალხებს შენგან და გაგიფართოებ საზღვრებს, აღარავინ დაეხარბება შენს მიწას, თუ წელიწადში სამგზის ეჩვენები უფალს, შენს ღმერთს.

25. ნუ დაღვრი საფუარზე ჩემი მსხვერპლის სისხლს; დილისთვის ნუ მოიტოვებ საპასექო მსხვერპლს.

26. შენი მიწის პირველმოწეული ნაყოფები მიიტანე უფლის, შენი ღვთის სახლში; ნუ მოხარშავ ციკანს დედამისის რძეში.

27. უთხრა უფალმა მოსეს: ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.

28. დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.

29. როცა ჩამოდიოდა მოსე სინაის მთიდან, აღთქმის ორი ფიქალი ეჭირა ხელში მოსეს მთიდან ჩამოსვლისას, არ იცოდა მოსემ, რომ უბრწყინავდა პირისკანი მასთან ლაპარაკისას.

30. დაინახეს აარონმა და ისრაელიანებმა მოსე და, აჰა, ბრწყინავდა მისი პირისკანი და ვერ გაბედეს მიახლოება.

31. დაუძახა მათ მოსემ და მიბრუნდნენ მისკენ აარონი და საზოგადოების თავკაცები და ელაპარაკა მათ მოსე.

32. ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელიანები და მანაც მოუთხრო მათ ყველაფერი, რაც უფალმა უთხრა სინაის მთაზე.

33. შეწყვიტა მოსემ მათთან ლაპარაკი და რიდე ჩამოიფარა სახეზე.

34. როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე სალაპარაკოდ, იხსნიდა რიდეს გარეთ გამოსვლამდე. გამოვიდოდა და ყველაფერს ეუბნებოდა ისრაელიანებს, რაც ებრძანებოდა.

35. ხედავდნენ ისრაელიანები მოსეს სახეს, რომ ბრწყინავდა მოსეს პირისკანი და ისევ იფარებდა მოსე სახეზე რიდეს, სანამ მასთან სალაპარაკოდ არ შევიდოდა.