ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეთხუთმეტე

1. შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი საზოგადოება და უთხრა: აი, რისი გაკეთება ბრძანა უფალმა:

2. ექვს დღეს აკეთეთ საქმე, ხოლო მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის - უფლის განსვენების შაბათი. ყველა, ვინც კი საქმეს გააკეთებს ამ დღეს, მოკვდება.

3. ცეცხლს ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.

4. ასე უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელს საზოგადოებას: ეს არის, რაც მიბრძანა უფალმა თქვენთვის სათქმელად:

5. გაიღეთ ძღვენი უფლისათვის; ყველამ თავისი გულუხვობით მიიტანოს საუფლო ძღვენი - ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,

6. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილი, სელი და თხისური,

7. დათრიმლული ტყავები, თახაშის ტყავები და ურთხელის ძელები,

8. ზეთი გასანათებლად, სურნელებანი მირონისთვის და საკმევლისთვის,

9. ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.

10. ყოველი გულბრძენი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა:

11. სავანე და მისი კარავი გადასახურავითურთ, მისი კაუჭები და კოჭები, მისი სვეტები და კვარცხლბეკები,

12. კიდობანი და მისი კეტები, სახურავი და ჩამოსაფარებელი ფარდა,

13. ტაბლა და მისი კეტები, მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პურები,

14. სასანთლე გასანათებლად, მისი მოწყობილობა და ლამპრები, და ზეთი გასანათებლად,

15. სასაკმევლე სამსხვერპლო და მისი კეტები, მირონი და სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი ფარდა სავანის შესასვლელისთვის,

16. სამსხვერპლო აღსავლენი მსხვერპლისათვის და მისი სპილენძის ცხაური, მისი კეტები და მისი მოწყობილობა, საბანელი და მისი კვარცხლბეკი,

17. ეზოს ფარდები თავისი სვეტებითა და კვარცხლბეკებითურთ, და ეზოს კარიბჭის ფარდა.

18. სავანის პალოები, ეზოს პალოები მათი ბაგირებითურთ,

19. შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელი მისი შვილებისთვის მღვდლობის გასაწევად.

20. გავიდა ისრაელიანთა მთელი საზოგადოება მოსესაგან.

21. მივიდნენ სათითაოდ, ვისაც კი გულმა გაუწია და ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს საუფლო ძღვენი სადღესასწაულო კარვის მოსაწყობად, მისი ყოველი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისთვის.

22. მიდიოდნენ მამაკაცები და დედაკაცები, გულუხვობით მიჰქონდათ დასამშვენებელი რგოლები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ყოველგვარი ოქროს ნივთი; თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის.

23. ყველას მოჰქონდა, ვისაც კი მოეპოვებოდა ლურჯი, ძოწეული, ჭიაფერის ნართი და ბისონი, თხისური, წითლად შეღებილი ცხვრის ტყავები და თახაშის ტყავები;

24. ყველას, ვისაც კი სურდა ვერცხლისა და სპილენძის ძღვნად მიტანა, მოჰქონდა ძღვნად უფლისათვის; ყველას, ვისაც კი მოეპოვებოდა ურთხელის ძელები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა.

25. ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ლურჯი, მეწამული და ჭიაფერის ნართი და ბისონი.

26. ყველა დედაკაცი, ვისაც კი გული უწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს.

27. თავკაცებს მიჰქონდათ ონიქსის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები,

28. ნელსურნელება, ზეთი გასანათებლად, მირონისთვის და სურნელოვანი საკმევლისათვის.

29. კაცსა თუ ქალს, ვისაც კი თავისი გულუხვიბით სურდა მოეტანა ძღვენი ყოველი საქმისთვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მიჰქონდათ უფლისთვის.

30. უთხრა მოსემ ისრაელიანებს: უყურეთ, უფალმა მოუხმო სახელდებით ბეცალიელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან.

31. აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით,

32. რათა შეასრულოს ჩანაფიქრი, დაამუშაოს ოქრო, ვერცხლი და სპილენძი,

33. გამოთალოს თვლები მოსაოჭავად და გამოახარატოს ხე, შექმნას ხელოვნური ნივთნი.

34. გულში ჩაუდო სხვათა დამოძღვრის უნარი, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის შტოდან.

35. აუვსო გული სიბრძნით, რომ აკეთონ ხარატის მქსოველის ყოველგვარი საქმე, ქარგონ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილზე და ბისონზე, აკეთონ მქსოველის, ყოველგვარი ხელოვანის საქმე.