ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეჩვიდმეტე

1. გააკეთა ბეცალიელმა ურთხელისგან კიდობანი; ორწყრთანახევარი იყო მისი სიგრძე, წყრთანახევარი სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.

2. მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

3. ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი, მის ოთხსავე კუთხეზე დასამაგრებელი: ორი რგოლი ერთ მხარეზე, ორი რგოლი მეორე მხარეზე.

4. დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.

5. გაუყარა კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, კიდობნის სატარებლად.

6. გააკეთა სახურავი წმიდა ოქროსაგან; სიგრძე ორწყრთანახევარი ჰქონდა, სიგანე - წყრთანახევარი.

7. გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა.

8. ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე.

9. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი, სახურავისკენ ჰქონდათ მიქცეული სახეები.

10. გააკეთა ტაბლა ურთხელისგან; ორი წყრთა ჰქონდა სიგრძე, ერთი წყრთა სიგანე და წყრთანახევარი სიმაღლე.

11. ხალასი ოქროთი მოჭედა და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

12. ირგვლივ ერთი მტკაველი კედელი გაუკეთა და კედელსაც ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო.

13. ჩამოასხა მისთვის ოთხი ოქროს რგოლი და ოთხსავე კუთხეზე ოთხ ფეხთან დაამაგრა.

14. კედელზე მიმაგრებული რგოლები კეტების გასაყრელი იყო, რომ ტაბლა ეტარებინათ.

15. გააკეთა ურთხელის კეტები, ოქროთი მოჭედილი, ტაბლის სატარებლად.

16. გააკეთა ტაბლის ჭურჭელი: თეფშები, კოვზები, თასები და საღვრელის დასაღვრელი საწდეები ხალასი ოქროსგან.

17. გააკეთა სასანთლე ხალასი ოქროსგან, ნაჭედი იყო სასანთლე; მისი ღერო, რტო, ჯამები, კოკრები და ყვავილები ერთიანი იყო.

18. ექვსი რტო გამოდიოდა მისი გვერდებიდან: სასანთლის სამი ღერო ერთი გვერდიდან, სასანთლის სამი ღერო მეორე გვერდიდან.

19. ნუშისებრი სამი ჯამი ერთ რტოზე, კოკორი და ყვავილი; ნუშისებრი სამი ჯამი მეორე რტოზე, კოკორი და ყვავილი. ასე ექვსსავე რტოზე, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.

20. სასანთლეზე ოთხი ნუშისებრი ჯამი, კოკრები და ყვავილები.

21. ერთი კოკორი ორ რტოს ქვეშ, ერთი კოკორიც ორ რტოს ქვეშ; ასე ექვსივე რტოსთვის, რომლებიც სასანთლიდან გამოდიან.

22. მისი კოკრები და რტოები მისგანვე იყო ნაკეთები, მთლიანად ჭედური იყო ერთიანი ხალასი ოქროსი.

23. გაუკეთა შვიდი ლამპარი და მაშები და აქანდაზები ხალასი ოქროსაგან.

24. ერთი ქანქარი ხალასი ოქროსგან გააკეთა ისიც და მთელი მისი ჭურჭელი.

25. გააკეთა საკმევლის სამსხვერპლო ურთხელისგან: ერთი წყრთა სიგრძე ჰქონდა, ერთი წყრთა - სიგანე, ერთი წყრთა - სიმაღლე, მისგანვე იყო ნაკეთები მისი რქები.

26. ხალასი ოქროთი მოჭედა იგი, მისი სახურავი, კედლები ირგვლივ და რქები; ოქროს გვირგვინი მოავლო გარშემო.

27. ორი ოქროს რგოლი მიამაგრა ქვემოდან სალტეს ორსავე გვერდზე, ორსავე მხარეს კეტების გასაყრელად, რათა ეტარებინათ სამსხვერპლო.

28. დაამზადა კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედა.

29. დაამზადა წმიდა მირონი და სურნელოვანი, სუფთა საკმეველი, როგორც მენელსურნელენი ამზადებენ.