ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეთვრამეტე

1. გააკეთა ურთხელისგან აღსავლენის სამსხვერპლო, სიგრძით ხუთი წყრთა, სიგანითაც ხუთი წყრთა, ოთხკუთხედი, სიმაღლით სამი წყრთა.

2. გაუკეთა რქები ოთხსავე კუთხეში - მისგანვე გამოდიოდა რქები - და სპილენძით მოჭედა.

3. დაამზადა სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეუობა: ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები, ჩანგლები და მაშები; მთელი მისი ჭურჭელი სპილენძისგან გააკეთა.

4. დაუყენა სამსხვერპლოს ცხაური, სპილენძისა, დის მაგვარი, ქვემოდან მის ნახევრამდე.

5. ჩამოასხა ოთხი რგოლი სპილენძის ცხაურის ოთხივე კუთხისთვის კეტების გასაყრელად.

6. ურთხელისგან გააკეთა კეტები და სპილენძით მოჭედა.

7. გაუყარა კეტები რგოლებში სამსხვერპლოს გვერდებზე, რომ მისი ტარება შეძლებოდათ. ღრუ გააკეთა იგი, ფიცრებისგან.

8. გააკეთა სპილენძის საბანელი სპილენძისავე კვარცხლბეკითურთ, დედაკაცთა სარკეებისგან, რომლებიც მოჰქონდათ მათ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.

9. მოაწყო ეზო; სამხრეთის მხარეს ეზოს ფარდები გრეხილი სელისგან იყო - ასი წყრთა.

10. მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისგან, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.

11. ჩრდილოეთ მხარეს ასი წყრთა ფარდა; მისი ოცი სვეტი და ოცი ფეხი სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა.

12. დასავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა; მისი ათი სვეტი და ათი ფეხი; სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისგან.

13. აღმოსავლეთ მხარეს ორმოცდაათი წყრთა ფარდა.

14. თხუთმეტი წყრთა ფარდა ერთ ფრთაზე; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.

15. მეორე ფრთისათვის, ეზოს კარის ორსავე მხარეს, აქეთ და იქით თხუთმეტი წყრთა ფარდა; მისი სამი სვეტი სამი ფეხითურთ.

16. ეზოს ყველა ფარდა მისი ირგვლივ გრეხილი სელისა იყო.

17. სვეტების ფეხები სპილენძისა, სვეტების კაუჭები და სამაგრები ვერცხლისა, თავები ვერცხლით მოჭედილი, ეზოს ყველა სვეტი ვერცხლის სამაგრებით იყო დამაგრებული.

18. ეზოს კარის ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქარგებიანი ქსოვილისა და გრეხილი სელისა იყო - სიგრძით ოცი წყრთა, სიმაღლით ხუთი წყრთა მთელს სიგანეზე ეზოს ფარდების შესაბამისად.

19. მისი ოთხი სვეტი ოთხი ფეხითურთ სპილენძისა, ვერცხლის კაუჭები, თავები ვერცხლით მოჭედილი და ვერცხლის სამაგრები.

20. სავანისა და ეზოს ირგვლივ ყველა პალო სპილენძისა იყო.

21. აჰა, სავანის, მოწმობის სავანის ანგარიში, რომელიც ნაანგარიშევი იყო მოსეს ბრძანებით - ლევიანთა მთელი სამუშაო ითამარ აარონის ძის, მღვდლის, ხელმძღვანელობით.

22. ბეცალიელმა ძემ სურისა, ძისა ხურისა, იუდას შტოდან, გააკეთა ყველაფერი, რაც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

23. მასთან ერთად ოჰოლიაბ ახისამაქის ძემ, დანის შტოდან, ხარატმა, მქსოველმა და მქარგველმა ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისა და სელისა.

24. მთელი ოქრო, რაც დაიხარჯა საწმიდრის ყველა საქმეზე, მთელი შემოწირული ოქრო ოცდაცხრა ქანქარი და შვიდას ოცდაათი შეკელი იყო, საღვთო შეკელით.

25. ხოლო ვერცხლი მთელი საზოგადოებისა, რაც დათვლილი იყო, შეადგენდა ას ქანქარს და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტ შეკელს საღვთო შეკელით.

26. თითოეულისგან ერთი ბეკაყი, ანუ ნახევარი შეკელი საღვთო შეკელით, ყველასგან, ვინც კი აღრიცხული იყო ოცი წლიდან ზემოთ, სულ ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაცისგან.

27. ასი ქანქარი ვერცხლი მოხმარდა საწმიდრის ფეხების და ფარდის ფეხების ჩამოსხმას; ასი ფეხი ასი ქანქარისგან, თითო ქანქარი თითო ფეხისთვის.

28. ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი ვერცხლისგან გააკეთა სვეტების კაუჭები, მოუჭედა თავები და სამაგრები გაუკეთა.

29. შემოწირული სპილენძი იყო სულ სამოცდაათი ქანქარი და ორიათას ოთხასი შეკელი.

30. გააკეთა მისგან ფეხები სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან, სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისავე ცხაურითურთ და სამსხვერპლოს მთელი ჭურჭლეული.

31. ფეხები ეზოს ირგვლივ სვეტებისთვის და ეზოს კარის ფეხები, სავანის ყველა პალო და ეზოს ირგვლივ ყველა პალო.