ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი ოცდამეცხრამეტე

1. ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

2. დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.

3. გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის.

4. გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული.

5. მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

6. დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები.

7. განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

8. გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან.

9. ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი.

10. ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი.

11. მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი;

12. მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო;

13. მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული.

14. თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული.

15. გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი;

16. გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს.

17. გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე.

18. ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.

19. გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული.

20. გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.

21. გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

22. გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან.

23. შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო.

24. ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით.

25. გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის.

26. ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

27. გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის,

28. თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან.

29. სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

30. გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე.

31. გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

32. დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს.

33. მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები.

34. დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი,

35. მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი.

36. ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური,

37. წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად,

38. ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის,

39. სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით,

40. ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის,

41. საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი.

42. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.

43. ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.