1. მერე მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში.
2. უთხრა ფარაონმა: ვინ არის უფალი, რომ დავუჯერო და გავუშვა ისრაელი? არც უფალი ვიცი და არც ისრაელს გავუშვებ.
3. უთხრეს: ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. წავალთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლს შევწირავთ ჩვენს ღმერთს, თორემ გაგვწყვეტს ჭირით ან მახვილით.
4. უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: რატომ აცდენთ, მოსე და აარონ, ხალხს საქმეს? წადით, შეუდექით თქვენს სამუშაოს.
5. კვლავ უთხრა მათ ეგვიპტის მეფემ: მრავალრიცხოვანია ახლა ეს ხალხი, თქვენ კი გინდათ, მოაცდინოთ სამუშაოს.
6. უბრძანა იმავე დღეს ფარაონმა ხალხის ზედამხედველებსა და თავდგმურებს და უთხრა:
7. აღარ მისცეთ ხალხს ბზე ალიზის მოსაზელად, როგორც გუშინ და გუშინწინ აძლევდით. წავიდნენ და თავად მოაგროვონ ბზე.
8. ხოლო აგურების რაოდენობა, რამდენსაც გუშინ და გუშინწინ აკეთებდნენ, იმდენივე დაუწესეთ, არ მოუკლოთ, რადგან ზარმაცები არიან და ამიტომაც გაჰყვირიან, წავალთ, ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო!
9. გაუძნელდება შრომა მაგ ხალხს, საზრუნავი გაუჩნდება და ვეღარ მიუგდებს ყურს მაცთუნებელ სიტყვებს.
10. გავიდნენ ხალხის ზედამხედველები და თავდგმურები და გამოუცხადეს ხალხს: ასე თქვა ფარაონმა, აღარ მოგცემთო ბზეს,
11. წადით და თავად მოაგროვეთ ბზე, სადაც იპოვით. მოკლებით კი არაფერი მოაკლდება თქვენს სამუშაოს.
12. მოეფინა ხალხი მთელს ეგვიპტის ქვეყანას, რომ ბზის სანაცვლოდ ნამჯა შეეგროვებინათ.
13. ზედამხედველები კი აიძულებდნენ, ეუბნებოდნენ: ყოველდღიურად შეასრულეთ ის სამუშაო, რასაც მაშინ ასრულებდით, როცა ბზე გეძლეოდათ.
14. სცემდნენ ისრაელიანთა გზირებს, რომლებიც მიჩენილი ჰყავდათ მათთვის ფარაონის მოხელეებს, და ეუბნებოდნენ: რატომ არ გაგიკეთებიათ დაწესებული რაოდენობის აგური, როგორც გუშინ და გუშინწინ, როგორც დღემდე აკეთებდით?
15. მივიდნენ ისრაელიანთა გზირები და შეჰბღავლეს ფარაონს: ასე რად ექცევი შენს მორჩილთ?
16. ბზე აღარ ეძლევათ შენს მორჩილთ და მაინც გვეუბნებიან, აგურები აკეთეთო. აჰა, სცემენ შენს მორჩილთ. შენს ხალხს აწევს ცოდვა.
17. მიუგო: ზარმაცები ხართ, ზარმაცები. ამიტომ ამბობთ, წავალთ, მსხვერპლს შევწირავთო ჩვენს უფალს.
18. ახლა წადით და იმუშავეთ! ბზე არ მოგეცემათ, აგური კი იმდენივე უნდა მოგვცეთ.
19. დაინახეს ისრაელიანთა გზირებმა, რა ჭირშიც ჩაცვივდნენ, როცა ებრძანათ, არაფერი დააკლოთო ყოველდღიურად დასამზადებელი აგურების რაოდენობას.
20. როცა ფარაონისგან გავიდნენ, შეეყარნენ მოსეს და აარონს, რომლებიც მათ შესახვედრად გამოსულიყვნენ.
21. უთხრეს: უფალმა დაგინახოთ და განგსაჯოთ, რომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონს და მის მსახურებს, და ჩვენს ამოსახოცად მახვილი მიეცით ხელში.
22. მიბრუნდა უფლისკენ მოსე და თქვა: უფალო, რატომ უბოროტე ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე?
23. მას შემდეგ, რაც ფარაონთან მივედი, რომ შენი სახელით მელაპარაკნა, ბოროტად ექცევა ამ ხალხს ფარაონი. ხსნით კი, არ იხსენი შენი ხალხი.