ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეექვსე

1. უთხრა უფალმა მოსეს: ახლა დაინახავ, რას დავმართებ ფარაონს, რადგან მაგარი ხელი აიძულებს მას გაუშვას ისინი და მაგარი ხელი აიძულებს გაყაროს მისი ქვეყნიდან.

2. ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი.

3. მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს, როგორც ყოვლადძლიერი ღმერთი (ელ შადაი). ხოლო ჩემი სახელი - უფალი - არ გამიმხელია მათთვის.

4. აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.

5. მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.

6. ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.

7. მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.

8. მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.

9. ასე ელაპარაკა მოსე ისრაელიანებს, მაგრამ არ უსმინეს მოსეს, რადგან სულმოკლენი იყვნენ და შრომისაგან გატანჯულნი.

10. ასე უთხრა უფალმა მოსეს:

11. მიდი, უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, გაუშვას ისრაელიანები თავისი ქვეყნიდან.

12. ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე და თქვა: აჰა, არ მისმინეს ისრაელიანებმა. როგორღა მომისმენს ფარაონი, მე ხომ ენაბრგვილი ვარ?

13. ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და ათქმევინა ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რომ გაეშვა ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან.

14. ესენი არიან თავ-თავიანთ მამისსახლთა უფროსები: რეუბენის ძენი, ისრაელის პირმშოსი: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და მარმი. ესენია რეუბენის საგვარეულოები.

15. სიმონის ძენი: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და საული, ქანაანელი დედაკაცის შვილი. ესენია სიმონის საგვარეულოები.

16. ესენია ლევის ძეთა სახელები თაობების მიხედვით: გერშონი, კეჰათი და მერარი. ლევის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.

17. გერშონის ძენი: ლიბნი და შიმყი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.

18. კეჰათის ძენი: ყამრამი, ხებრონი და ყუზიელი. ხოლო კეჰათის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაცამეტი წელი.

19. მერარის ძენი: მახლი და მუში. ესენია ლევის საგვარეულოები თაობათა მიხედვით.

20. შეირთო ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, ცოლად და უშვა ქალმა აარონი და მოსე. ყამრამის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.

21. იცჰარის ძენი: კორასი, ნეფეგი და ზიქრი.

22. ყუზიელის ძენი: მისაელი, ელცაფანი და სითრი.

23. შეირთო აარონმა ცოლად ელისაბედი, ამინადაბის ასული, ნახშონის და; უშვა ქალმა ნადაბი, აბიჰუ, ელიაზარი და ითამარი.

24. კორახის ძენი: ასირი, ელკანა, და აბიასაფი. ებენია კორახიანთა საგვარეულოები.

25. ითხოვა ელიაზარმა, აარონის ძემ, ცოლად ფუტიელის ერთ-ერთი ასული და უშვა ქალმა ფინხასი. ესენი არიან ლევიანთა მამამთავარნი თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით.

26. ეს ის აარონი და მოსეა, რომელთაც უბრძანა უფალმა: გაიყვანეთ ისრაელიანები ეგვიპტის ქვეყნიდან მწყობრად.

27. ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეყვანათ ისრაელიანები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.

28. მაშინ იყო, რომ ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში.

29. ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: მე ვარ უფალი. რასაც გეუბნები, ყველაფერი უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს.

30. თქვა მოსემ უფლის წინაშე. მე ხომ ენაბრგვილი ვარ, როგორ მომისმენს ფარაონი?