ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მეშვიდე

1. უთხრა უფალმა მოსეს: იცოდე, ღმერთად დამიდგენიხარ ფარაონისთვის; შენი ძმა აარონი კი შენი ქადაგი იქნება.

2. შენ იტყვი ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ; ხოლო შენი ძმა აარონი ფარაონს ეტყვის, რომ გაუშვას ისრაელიანები ეგვიპტიდან.

3. გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად.

4. არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან.

5. გაიგებს ეგვიპტე, რომ უფალი ვარ, როცა მოვუღერებ ხელს ეგვიპტეს და გამოვიყვან იქიდან ისრაელიანებს.

6. ასეც მოიქცნენ მოსე და აარონი; როგორც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ისე მოიქცნენ.

7. ოთხმოცი წლის იყო მოსე და ოთხმოცდასამი წლისა აარონი, როცა ლაპარაკი დაუწყეს ფარაონს.

8. უთხრა უფალმა მოსეს და აარონს:

9. თუ გეტყვით ფარაონი, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს: აიღე შენი კვერთხი და წინ დაუგდე ფარაონს! გველად იქცევა კვერთხი.

10. მივიდნენ ფარაონთან მოსე და აარონი და ისე მოიქცნენ, როგორც უფალს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. წინ დაუგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონს და მის მსახურებს, და იქცა გველად.

11. უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს. და მათაც, ეგვიპტის გრძნეულებმა, თავიანთი ჯადოსნობით იგივე გააკეთეს.

12. მოისროლეს თავ-თავიანთი კვერთხები და იქცნენ გველებად. მაგრამ შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები.

13. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

14. უთხრა უფალმა მოსეს: გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე.

15. წადი დილით ფარაონთან; წყალზე გამოვა და შენც დახვდი ნილოსის პირას. კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს.

16. უთხარი: უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა-თქო შენთან; გეუბნება, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში თაყვანი მცენ. აჰა, ყურს არ მიგდებდი აქამდე.

17. ასე თქვა უფალმა: ამით მიხვდები, რომ უფალი ვარ: აჰა, ამ კვრთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა.

18. გაწყდება თევზი ნილოსში, აყროლდება ნილოსი და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს.

19. უთხრა უფალმა მოსეს: ასე უთხარი აარონს, აიღეთქო შენი კვერთხი და მოუღერე ხელი ეგვიპტის წყალს. მდინარეზე და ნაკადულებზე, ჭაობებზე და წყალთა ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, სისხლი ჩადგება-თქო მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, ხეში თუ ქვაში.

20. ისე მოიქცნენ მოსე და აარონი, როგორც უფლისაგან ჰქონდათ ნაბრძანები. მოიქნია კვერთხი და დაჰკრა ნილოსის წყალს ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, და იქცა სისხლად ნილოსის წყალი.

21. ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელს ეგვიპტის ქვეყანაში.

22. იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

23. პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.

24. იწყეს თხრა ეგვიპტელებმა ნილოსის გასწვრივ, სასმელი წყალი რომ ეპოვათ, რადგან ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს.

25. შვიდმა დღემ განვლო მას მერე, რაც უფალმა დაჰკრა ნილოსს.