ძველი აღთქმა

გამოსვლა

თავი მერვე

1. და უთხრა უფალმა მოსეს: მიდი ფარაონთან და უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რათა თაყვანი მცენ.

2. თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელს შენს ქვეყანას.

3. გომბეშოები აფუთფუთდებიან ნილოსში, ამოვლენ და შეესევიან შენს სახლს, შენს საძილე ოთახს, შენს საწოლს, შენს მორჩილთა სახლებს, შენს ხალხს, შენს თონეებსა და შენს ვარცლებს.

4. შემოგახტებათ გომბეშოები თავად შენ, შენს ხალხს და ყველა შენს მორჩილს.

5. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს: მოუღერე კვერთხიანი ხელი მდინარეებს, ნაკადულებს და ჭაობებს და ამოასხი გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.

6. მოუღერა ხელი აარონმა ეგვიპტის წყლებს და ამოვიდნენ გომბეშოები და დაფარეს ეგვიპტის ქვეყანა.

7. იგივე მოიმოქმედეს გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით: ამოასხეს გომბეშოები ეგვიპტის ქვეყნად.

8. იხმო ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: შეევედრეთ უფალს, რომ მოგვაცილოს გომბეშოები მე და ჩემს ხალხს. მაშინ გავუშვებ თქვენს ხალხსაც და შესწირონ მსხვერპლი უფალს.

9. უთხრა მოსემ ფარაონს: მიბრძანე, როდის შევევედრო შენთვის და შენს მორჩილთათვის, შენი ხალხისთვის, რომ მოგაშოროს გომბეშოები შენ და შენს სახლებს, და მხოლოდ ნილოსში დარჩნენ?

10. უთხრა: ხვალ. უთხრა მოსემ: შენი სიტყვისამებრ იყოს! რათა იცოდე, რომ ვერავინ შეედრება ჩვენს უფალ ღმერთს.

11. მოგცილდებიან გომბეშოები შენ და შენს სახლებს, შენს მორჩილთ და შენს ხალხს; მხოლოდ ნილოსში დარჩებიან.

12. გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.

13. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.

14. გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.

15. დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

16. უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელს ეგვიპტეს.

17. ასეც მოიქცა: მოიღერა აარონმა კვერთხიანი ხელი და დაჰკრა მიწას, და მოედო მუმლი კაცსა და პირუტყვს, მთელი მიწა მუმლად იქცა ეგვიპტის ქვეყანაში.

18. იხმარეს თავიანთი ჯადოსნობა გრძნეულებმა, რომ გამოედევნათ მუმლი, მაგრამ ვერ შეძლეს, და ეხვია მუმლი მიწას და პირუტყვს.

19. უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.

20. უთხრა უფალმა მოსეს: წადი დილაადრიანად და წარუდექი ფარაონს, როცა წყალზე ჩამოვა; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ თაყვანი მცეს.

21. თუ არ გაგიშვია ჩემი ხალხი, ბუზანკალს მოგისევ შენ და შენს მსახურებს, შენს ხალხს, შენს სახლებს და აივსება ბუზანკალით ეგვიპტელთა სახლები და ის მიწაც, სადაც ისინი არიან.

22. გამოვარჩევ იმ დღეს გოშენის მხარეს, სადაც დგას ჩემი ხალხი, რომ არ შეაღწიოს იქ ბუზანკალმა, ვინძლო დარწმუნდე, რომ ქვეყნის შუაგულში ვარ მე, უფალი.

23. გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ხვალ მოხდება ეს სასწაული.

24. ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.

25. უხმო ფარაონმა მოსეს და აარონს და უთხრა: წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს ჩემს ქვეყანაში.

26. უთხრა მოსემ: ვერ ვიზამთ ამას, რადგან სისაძაგლეა ეგვიპტელთათვის ჩვენი მსხვერპლშეწირვა უფლის, ჩვენი ღმერთისადმი. ხომ ჩაგვქოლეს, თუ შევწირეთ ეგვიპტელთათვის საძაგელი მსხვერპლი მათ თვალწინ!

27. სამი დღის სავალზე გავალთ უდაბნოში და იქ შევწირავთ მსხვერპლს უფალს, ჩვენს ღმერთს, როგორც თავად გვიბრძანებს.

28. უთხრა ფარაონმა: გაგიშვებთ და შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს უდაბნოში, ოღონდ შორს ნუ წახვალთ. ილოცეთ ჩემთვის.

29. უთხრა მოსემ: აჰა, გავდივარ შენგან და შევევედრები უფალს, რომ ხვალვე მოაშოროს ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებს და მის ხალხს. ოღონდ აღარ მოიტყუოს ფარაონმა და გაუშვას ხალხი უფლისათვის მსხვერპლის შესაწირად.

30. გავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა უფალს.

31. შეიწყნარა უფალმა მოსეს ვედრება და მოაშორა ბუზანკალი ფარაონს, მის მორჩილთ და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა.

32. გაისასტიკა გული ფარაონმა ამჯერადაც და არ გაუშვა ხალხი.