1. ასე მითხრა უფალმა: წადი, იყიდე ტილოს სარტყელი და წელზე შემოირტყი, წყალში არ ჩადო.
2. ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ, და შემოვირტყი წელზე.
3. მეორეგზის იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
4. აიღე სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს. ადექი, წადი ფერათს და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.
5. წავედი და დავმალე იგი ფერათში, როგორც უფალმა მიბრძანა.
6. გამოხდა ხანი მრავალი და მითხრა უფალმა: ადექი, წადი ფერათს და აიღე იქიდან სარტყელი, რომლის დამალვა მე გიბრძანე.
7. წავედი ფერათს, გავთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა. აჰა, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.
8. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
9. ასე ამბობს უფალი: ასევე ფუჭად ვაქცევ იუდას მედიდურობას და იერუსალიმის უზომო ამპარტავნობას.
10. ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის გაგონება, აჰყოლია თავის გულისთქმას და მისდევს სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროს და თაყვანისცეს მათ, დაემსგავსება ამ სარტყელს, რომელიც არაფრად აღარ ვარგა.
11. რადგან როგორც კაცის წელზეა მიკრული სარტყელი, ასევე მივიკარი მე ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი, ამბობს უფალი, რათა ქცეულიყვნენ ჩემს ერად, სახელად და დიდებად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს.
12. უთხარი მათ ეს სიტყვა: ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ყველა ტიკი ღვინით ივსება. გეტყვიან: განა არ ვიცით, რომ ღვინით ივსება ყველა ტიკი?
13. უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, დათრობამდე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მკვიდრს, მეფეებს, რომელნიც დავითის ტახტზე სხედან, მღვდლებს, წინასწარმეტყველებს და იერუსალიმის ყველა მკვიდრს,
14. ერთმანეთზე შევაჭყლეტ მამებსა და შვილებს, ამბობს უფალი. არ შევიწყალებ, არ შევიბრალებ და არ დავინდობ დაღუპვისგან.
15. ისმინეთ და ყურადიღეთ, ნუ გამედიდურდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს.
16. მიაგეთ პატივი უფალს, თქვენს ღმერთს, ვიდრე არ ჩამოუბნელებია, ვიდრე არ წაფორხილებულხართ მწუხრის მთებზე. სინათლის იმედი გექნებათ, მაგრამ წყვდიადად გადააქცევს, სიბნელედ შეცვლის.
17. თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.
18. უთხარი მეფეს და დედოფალს: ჩამოდით ტახტიდან და ძირს დასხედით, რადგან მოგეხადათ თქვენი მშვენიერი გვირგვინი.
19. სამხრეთის ქალაქები ჩაკეტილია და არავინაა გამღები. განდევნილია მთელი იუდა, პირწმინდად განდევნილი.
20. აახილეთ თვალი და შეხედეთ ჩრდილოეთიდან მომავალთ. სად არის სამწყსო, შენ რომ ჩაგაბარეს, შენი მშვენიერი ფარა?
21. რას იტყვი, როცა მოგთხოვენ პასუხს? შენ თავად ასწავლე მათ, როგორ ებატონათ შენზე. განა კრუნჩხვები არ გაგტანჯავს მშობიარე ქალივით?
22. იტყვი გულში: რატომ მეწია ეს ყველაფერი? - დიდი დანაშაულის გამოა, რომ გაგშიშვლებია კალთები და ქუსლები გამოგჩენია.
23. თუ შეიცვლის ზანგი თავის კანს და ვეფხვი თავის აჭრელებულ ბეწვს? თქვენც, სიბოროტეს დაჩვეულნი, თუ შეძლებდით სიკეთის ქმნას?
24. გავანიავებ მათ ბზესავით უდაბნოს ქარში.
25. ეს არის შენი წილი. ეს ხვედრი გეკუთვნის ჩემგან, ამბობს უფალი, რაკი დამივიწყე და სიცრუის იმედი გქონდა.
26. მეც აგიწევ კალთებს პირისახემდე და გამოჩნდება შენი სირცხვილი,
27. შენი გარყვნილება, ავხორცობა, და ბილწი ზრახვები. ველის ბორცვებზე დავინახე შენი სიბილწენი. ვაი შენ, იერუსალიმო! ნუთუ აღარ გასუფთავდები? როდემდის?