1. რკინის საჭრეთელით არის დაწერილი იუდაელთა ცოდვები და ალმასის წვერით არის ამოკვეთილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე.
2. ამიტომაც ახსოვთ მათ შვილებს თავიანთი სამსხვერპლოები და აშერები ხემხვივანებთან და მაღალ ბორცვებზე.
3. ჩემს მთას მინდვრად, შენს დოვლათს და მთელს განძეულობას დავატაცებინებ, შენს გორაკებს ცოდვის გამო მთელს შენს საზღვრებში.
4. შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რთშელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.
5. ასე ამბობს უფალი: დაწყევლილია კაცი, რომელსაც ადამიანის იმედი აქვს და ხორციელში ეძებს შემწეობას, გულით კი შორდება უფალს.
6. იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.
7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.
8. იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
9. უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
10. მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
11. მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება.
12. დიდების ტახტი ამაღლებულია დასაბამიდან, ჩვენი საწმიდარის ადგილსამყოფელი.
13 ისრაელის სასოებავ, უფალო! ყველა შერცხვება, ვინც კი მიგატოვებს. შენგან განდგომილნი ქვიშაზე დაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცხოველმყოფელი წყაროსთვალი - უფალი.
14. განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
15. აჰა, მეუბნებიან ისინი: სად არის უფლის სიტყვა? აბა, ახდესო!
16. არ გაგგქცევივარ მწყემსობისგან; შენ იცი, შავი დღე არ მსურდა. შენს წინაშეა, რაც გამოდის ჩემი პირიდან.
17. ნუ მექმნები დამღუპველად, ჩემო საყუდარო გასაჭირში!
18. სირცხვილი ჭამონ ჩემმა მდევრებმა, მე ნუ შევრცხვები! შიში ჭამონ, მე ნუ შევშინდები! შავი დღე მოუტანე, ლეწე და კვლავ ლეწე ისინი.
19. ასე მითხრა უფალმა: წადი და დადექი საერთო კარიბჭესთან, რომლითაც შემოდიან და გადიან იუდას მეფეები, და იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან,
20. უთხარი მათ: გაიგონეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდავ და იერუსალიმის მკვიდრნო, ამ კარიბჭეებში შემომსვლელნო!
21. ასე ამბობს უფალი: თავს გაუფრთხილდით, შაბათ დღეს ტვირთს ნუ აიკიდებთ და იერუსალიმის კარიბჭეებში ნუ შემოიტანთ.
22. ნუ გამოიტანთ ტვირთს სახლიდან შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. იუქმეთ შაბათი დღე, როგორც თქვენი მამა-პაპისთვის მქონდა ნაბრძანები,
23. მაგრამ არ ისმინეს და ყური არ მომაპყრეს; გაჯიუტდნენ, რომ არ ესმინათ და ჭკუა არ ესწავლათ.
24. თუ ახლა კარგად გამიგონებთ, ამბობს უფალი, და არ შემოიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებში შაბათ დღეს ტვირთს, იუქმებთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს,
25. შემოვლენ ამ ქალაქის კარიბჭეებში მეფეები და მთავრები, დავითის ტახტზე მსხდომარენი, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრებულნი, როგორც თვითონ, ისე მათი მთავრები, იუდაელნი და იერუსალიმის მკვიდრნი, და უკუნისამდე იარსებებს ეს ქალაქი.
26. მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან და მთიდან, და სამხრეთოდან მოიტანენ აღსავლენს, საკლავს და შესაწირავს, გუნდრუკს და სამადლობელ ძღვენს უფლის სახლში.
27. თუ არ გამიგონებთ - არ იუქმებთ შაბათ დღეს და აიკიდებთ ტვირთს, შემოხვალთ შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში, მაშინ ცეცხლს წავუკიდებ მის კარიბჭეებს და ცეცხლი შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.