1. გაიგონა ფაშხურ იმერის ძემ, მღვდელმა, უფლის სახლის ზედამხედველმა და წინამძღვარმა, ეს სიტყვები, იერემია რომ ქადაგებდა,
2. და სცემა ფაშხურმა იერემია წინასწარმეტყველს და ჩააგდო იგი დილეგში, ბენიამინის ზემო კარიბჭესთან რომ იყო, უფლის სახლში.
3. მაგრამ მეორე დღეს გამოუშვა ფაშხურმა იერემია დილეგიდან და უთხრა მას იერემიამ: ფაშხურს კი აღარ დაგიძახებს უფალი, არამედ შიშის ზარს ირგვლივ.
4. რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, შიში ზარს დაგცემ შენ და შენს მეგობრებს, დაეცემიან ისინი მტრების მახვილისგან და შენი თვალით იხილავ ამას. ბაბილონელთა მეფის ხელში ჩავაგდებ მთელს იუდას, გადაასახლებს მათ ბაბილონში და მახვილით ამოსწყვეტს.
5. გავცემ ამ ქალაქის მთელს ქონებას, მთელს მის ჭირნახულს, მთელს ძვირფასეულობას და იუდას მეფეების მთელს საგანძურს, და ხელში ჩავუგდებ მათ მტრებს. გაძარცვავენ, დაიტაცებენ და ბაბილონში წაიღებენ.
6. და შენც, ფაშხურ, ტყვედ წახვალ ბაბილონს-მთელი შენი სახლითურთ და იქ მოკვდები; იქ დაიმარხებით შენც და ყველა შენი მეგობარი, რომელთაც ცრუდ უწინასწარმეტყველებდი.
7. შენ გადამიბირე, უფალო, და მეც დაგყევი; ჩამიჭირე და დამძალე; ყოველდღე საცინლად მიგდებენ, ყველა მამასხრებს.
8. როგორც კი ავლაპარაკდები, ჩივილი აღმომხდება ძარცვა-გლეჯის გამო. ამიტომაც გადამექცა უფლის სიტყვა ყოველდღიურ დაცინვად და დამცირებად.
9. ვიფიქრე: დავივიწყებ მას და აღარ ვილაპარაკებ-მეთქი მისი სახელით, მაგრამ ცეცხლივით ამიგიზგიზდა გულში, ძვლებამდე გამატანა, ვცდილობდი გამეძლო, მაგრამ ვერ შევძელი.
10. რადგან მესმის ბრბოსგან ცილისწამება და მუქარა ირგვლივ: დაასმინეთ და ჩვენც დავასმენთ. ჩემი მოზავენი, ჩემს დაღუპვას დადარაჯებულნი, ამბობენ: იქნებ ცთუნებაში ჩავარდეს, მაშინ ვძლევთ მას და შურს ვიძიებთო.
11. ჩემთან არის უფალი როგორც ძლიერი მეომარი, ამიტომაც წაიფორხილებენ ჩემი მდევრები, ვერ გაიმარჯვებენ. დიდად შერცხვებიან, რომ უგუნურად მოიქცნენ. სამარადისოდ გასტანს სირცხვილი, არდასავიწყებელი.
12. ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!
13. უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან.
14. წყეული იყოს დღე, როცა დავიბადე! დღე, როცა დედაჩემმა მშობა, არ იყოს კურთხეული!
15. წყეული იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ვაჟი შეგეძინაო! (რაზომი იყო მისი სიხარული!)
16. იმ ქალაქებივით დაემართოს ამ კაცს, უფალმა რომ დაამხო შეუბრალებლად, წივილ-კივილი ესმოდეს დილაობით და ბრძოლის ყიჟინა შუადღისას.
17. ბარემ საშოშივე მოგეშთე, რომ ჩემს საფლავად ქცეულიყო დედაჩემი და მისი საშო მარად ორსული დარჩენილიყო.
18. რისთვის გამოვედი საშოდან, თუ მხოლოდ სატანჯველს ვნახავდი და სირცხვილში დასრულდებოდა ჩემი დღეები.