1. დამანახვა უფალმა, აჰა, ლეღვის ორი კალათა დგას უფლის ტაძრის წინ მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძე, იუდას მთავრები, ხუროები და მჭედლები იერუსალიმიდან და ბაბილონში მიიყვანა.
2. ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვია, პირველმოწეული; მეორე კალათაში ძალიან ცუდი ლეღვია; არ იჭმევა, იმდენად ცუდია.
3. მითხრა უფალმა: რას ხედავ, იერემია? მივუგე: ლეღვს, კარგი ლეღვი ძალიან კარგია, ცუდი ლეღვი - ძალიან ცუდი, არ იჭმევა, იმდენად ცუდია.
4. იყო უფლის სიტყვა, ჩემს მომართ ნათქვამი:
5. ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ამ კარგი ლეღვებივით გამოვარჩევ გადასახლებულ იუდაელებს, რომელნიც გავუშვი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყანაში მათდა სასიკეთოდ.
6. თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
7. ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ.
8. ცუდ ლეღვზე, რომელიც არ იჭმევა სიცუდის გამო, ასე თქვა უფალმა: ასე მოვექცევი იუდას მეფეს ციდკიას, მის მთავრებს, დანარჩენ იერუსალიმს, ამ ქვეყანაში რომ დარჩნენ, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ.
9. და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ.
10. მივუვლენ მახვილს, შიმშილს და შავ ჭირს, ვიდრე არ აღვგვი იმ ქვეყნიდან, რომელიც მათთვის და მათი მამა-პაპისთვის მაქვს მიცემული.